ასოცირებულ ტრიოს შორის ერთადერთი აღმოვჩნდით, ვისაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭეს. ხალხის გაცხადებული სურვილისა და დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ამ შანსის სწორად გამოყენება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა ყველა მიმართულებით.

თუმცა, საქართველომ, რომელიც ოდესღაც სამ ქვეყანას შორის ლიდერი იყო, შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა — გვაქვს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, რომელსაც მთავრობა ისტორიულს უწოდებს, და 6 თვეში შესასრულებელი ბევრი წინაპირობა, რომლებზეც ახლა ჩვენი ევროპული მომავალი გადის.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რა შანსები გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე? — ამ საკითხებზე On.ge სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ესაუბრა.

რა დავკარგეთ?

პოლიტიკურად საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, დარჩა ცალკე და არ ვიცით, როდის გაიხსნება ეს შესაძლებლობების ფანჯარა. ალბათ, ძალიან დიდხანს მოგვიწევს ლოდინი.

თეო ზურაბაშვილი

თუ სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას შევხედავთ, მისი ვერმიღება საქართველოს განცალკევებულ მდგომარეობაში აყენებს. პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი, თეო ზურაბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო დარჩება ცალკე, მაშინ, როცა უკრაინა და მოლდოვა ამ მიმართულებით დიდ პროგრესს მიაღწევენ.

"ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი ჩვენთვის, თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირში მიღებულ პრაქტიკას — ძირითადად ბლოკებად იღებენ წევრებს, ერთნაირი განვითარების მქონე ქვეყნებს ერთნაირ პირობებს აძლევენ. ამ შემთხვევაში, ასოცირებული ტრიოც იმიტომ გაფორმდა, რომ ერთად ემუშავათ და შესაბამისად, ერთად მიეღწიათ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის", — თქვა მან.

ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირება ჩვენთვის ერთადერთი არჩევანი იყო.

"ყოველთვის ვცდილობდით, რომ მათთან ერთად გვევლო ამ გზაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ირგვლივ, სამწუხაროდ, ჩვენს მეგობრებს გაცხადებულად არ აქვთ მიზანი, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები, ვგულისხმობ სომხეთსა და აზერბაიჯანს", — ამბობს ის.

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

სტატუსზე უარით საქართველოს მხოლოდ პოლიტიკური დანაკარგი არ განუცდია. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი განმარტავს, რომ ვკარგავთ წვდომას ასეულობით მილიონ ევროზე, რომელიც კანდიდატი ქვეყნებისთვის რეფორმების გასატარებლად არის გამოყოფილი.

"კანდიდატობას, ასევე, მოჰყვება ე.წ. გვერდითი ეფექტები. მაგალითად, ინვესტიციები ქვეყანაში იზრდება. ამასთან, ძალიან პრაქტიკული საკითხი — კანდიდატი ქვეყნებისთვის ე.წ. ლუქსემბურგის სასამართლოს იურისდიქცია ბიზნესდავაში ვრცელდება ხოლმე. ეს ძალიან დიდი შვება და ძალიან დიდი პრესტიჟის საკითხია ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როცა ვიცით, ჩვენთან რა პრობლემები არის სასამართლოსთან დაკავშირებით", — აღნიშნა ონიანმა.

რა გვაქვს ჯერ კიდევ?

ევროპული პერსპექტივას როგორ გამოვიყენებთ, საზოგადოება როგორ გამოფხიზლდება და დაიცავს ამ ჩანაწერს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბოლო შანსი ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის.

ლონდა თოლორაია

ვანო ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ევროპული პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რაც აცამტვერებს შეხედულებას, თითქოს, საქართველო არ არის ევროპის ნაწილი. ამის გატარებას აქტიურად ცდილობდნენ პრორუსული ჯგუფები და კრემლის აქტორები.

"ევროპული პერსპექტივა ეძლევა მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირი ხედავს, როგორც მის მომავალ წევრს. აქედან გამომდინარე, დისკუსია იმაზე, საქართველო არის თუ არა ევროპა, საქართველო გეოსტრატეგიულად არის თუ არა ამ კონტინენტის ნაწილი, არის დასრულებული", — ამბობს ის.

ფოტო: On.ge

ფოტო: On.ge

როგორც ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია აღნიშნავს, ის, რომ ევროკავშირმა ჩვენთვის კარი ღია დატოვა, ქართველი ხალხის დამსახურებაა.

"შეიძლება ცუდი სიტყვაა და არ არის რელევანტური, მაგრამ ევროკავშირს ხალხი ეცოდება იმისთვის, რომ ეს ევროპული პერსპექტივა საერთოდ წაუშალოს, იმიტომ, რომ ამ ხალხისგან ევროკავშირს მესიჯი მიღებული აქვს, მათ ნამდვილად სჭირდებათ პროგრესი", — განაცხადა თოლორაიამ.

თეო ზურაბაშვილიც ამბობს, რომ საზოგადოების განწყობა მთავარი მიზეზია, რის გამოც პერსპექტივა მოგვცეს. მისი განმარტებით, ეს უპირისპირდება ნარატივს, რომ "ევროპამ მიგვატოვა".

უბრალოდ, გვაქვს რაღაც საშინაო დავალებები შესასრულებელი და ეს პერსპექტივა გვექნება, თუ შევასრულებთ.

თეო ზურაბაშვილი

გვყოფნის დრო?

ევროკავშირმა ევროინტეგრაციის გზა დეტალურად გაგვიწერა და 2022 წლის ბოლომდე დაგვისახა 12 პრიორიტეტი, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, სტატუსს მივიღებთ. გიორგი ონიანი აცხადებს, რომ ეს რეკომენდაციები მთავრობისთვის სიურპრიზი არ იქნებოდა, რადგან ამას ეუბნებოდა არასამთავრობო სექტორიც და ევროკავშირიც.

რესპონდენტები თანხმდებიან, რომ 6 თვეში მათი შესრულება რეალისტურია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს. ონიანი აღნიშნავს, რომ აღსრულება ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ მმართველი პარტიის ხელშია.

პოლიტიკური ნების ნაკლებობის საფრთხეს ხედავს თოლორაიაც. ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, რომლის თანამდებობაც სწორედ ხელისუფლების პოლიტიკურ სურვილს შეეწირა, ამბობს, რომ რეფორმებისთვის მზაობას არ ჩანს.

"მე მესმის, რომ ხალხი ერთსულოვანია და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 20-ში აქციაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ხალხთან ერთად აუცილებელია ხელისუფლება. კანონებს ქმნის პარლამენტი, რეფორმებს ატარებენ სახელმწიფო სტრუქტურები, ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვიცი, საით მივდივართ ამ პოლიტიკით, ეს გაცხადებული პოლიტიკა რაც არის, ჩემთვის ძალიან გაუგებარია", — ამბობს ის.

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge

ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, ხელისუფლების განცხადებების ფონზე, მათი მიდგომები კითხვის ნიშნების საფუძველს ტოვებს. თუმცა მისივე თქმით, თუ დამოკიდებულება შეიცვლება, პირობების შესრულების შანსი არსებობს.

"მაგრამ ადვილი არ იქნება, ეს უნდა ვიცოდეთ, იმიტომ, რომ ძალიან მოკლე დროა და ძალიან დიდი რეფორმებია გასატარებელი. ის რეფორმები, რომელთა გატარებაც ჩვენ 3-4 წლის მანძილზე ვერ შევძელით და რამდენად შევძლებთ 6 თვეში, არ ვიცი. უბრალოდ, ერთი ის არის, რომ სასწორის მეორე პინაზე დევს კანდიდატის სტატუსი და შესაბამისად, შეიძლება, ამისთვის უღირდეს ხელისუფლებას ამ ყველაფრის გატარება", — თქვა მან.

"საშინაო დავალებები"

გიორგი ონიანის თქმით, ყველა საკითხი, რომელიც რეკომენდაციებშია, მნიშვნელოვანია და ე.წ. სისტემური პრობლემის ხასიათს ატარებს. თუმცა ის სასამართლო რეფორმასა და კორუფციას გამოყოფს.

"ანტიკორუფციულ სისტემის არაეფექტურობა მთავრობას არ უნდა ხოლმე რომ გაიგოს. ამბობს, თითქოს ყველაფერი კარგად არის და რეიტინგებს იშველიებს. მათ შორის, ჩვენივე, საერთაშორისო გამჭვირვალობის რეიტინგით ცდილობს, გვიპასუხოს, თუმცა იქიდანაც იმ ნაწილს ამოკრებენ, რომელიც მათ აინტერესებთ", — აღნიშნავს ის.

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge

ონიანი განმარტავს, რომ დეოლიგარქიზაციაა მთავარი პრობლემაა და მისგან გამომდინარეობს სხვა საკითხებიც, რაც რეკომენდაციებშია ნახსენები.

"რეალურად, დეოლიგარქიზაცია ის არის, რაც აქამდე ხელისუფლებისთვის იყო ხოლმე, ჩემი ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა ნათქვამი, ახლა უკვე ძალიან ღიად ჩაჯდა სასაუბრო საკითხებში და დღის წესრიგში", — თქვა მან.

სადაც ოლიგარქიაა და სახელმწიფო მიტაცება, იქ შეუძლებელია მთავრობამ საკვანძო ინსტიტუტების რეფორმები გაატაროს და გავლენის ბერკეტები თავისი ნებით დათმოს.

თეო ზურაბაშვილი

იურისტი ანა თავხელიძე განმარტავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ, ქალთა მოძრაობამ მოითხოვა, რომ ქალზე და ოჯახში ძალადობაზე კანონს ფემიციდის განმარტება დაემატოს. თავხელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ფემიციდის საკანონმდებლო დონეზე არსად განმარტებული არ არის, სასამართლო ხშირად განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებს.

"ეს არის პრობლემა პრაქტიკაში და იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო დონეზე დეტალურად გაიწერება ფემიციდის დეფინიცია და ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სტერეოტიპული მიდგომებით აღარ მიიღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს, ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს", — გვეუბნება ის.

თოლორაიას თქმით, მიუხედავას იმისა, რომ ბოლო პერიოდში ქალთა უფლებრივი კუთხით ნაბიჯები გადაიდგა, ეს საკმარისი არ არის. მისივე განცხადებით, სამომავლო ნაბიჯები უნდა იყოს ქმედითი და გამჭვირვალე, პროცესი არ უნდა წავიდეს დახურულ კარს მიღმა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. აღნიშნავს, რომ რეალური პროგრესის საჩვენებლად საჭიროა ერთი მაგიდის ირგვლივ დაჯდომა.

"ჩვენ ვხედავთ ქალთა ნაკლებ წარმომადგენლობას პოლიტიკაში, ნაკლებ წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და თუ ქალი რაღაც კონკრეტულ პოზიციაზე რაღაც წარმატებას აღწევს, ვხედავთ, რომ საერთოდ იშორებენ.

გვჭირდება ერთიანი, კარგი პოლიტიკა გენდერული თანასწორობის კუთხით, რომელიც მოიცავს ყველა ასპექტს — განათლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას, დანაშაულის პრევენციის მიმართულებას, ასევე, უკვე მომხდარ დანაშაულებზე რეაგირება", — ამბობს თოლორაია.

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge

ფოტო: მარიამ ქავთარაძე / On.ge

თუ "საშინაო დავალებები" არ შესრულდება, საქართველოს მოუწევს შესაძლებლობების შემდეგ ფანჯარას დაელოდოს, მაგრამ უცნობია ისევ გაიხსნება თუ არა ის.

პოლიტიკის ანალიტიკოსი, თეო ზურაბაშვილი ამბობს, რომ ეს ფანჯარა არცთუ ისე ხშირად იღება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. მისივე თქმით, პროევროპული კურსი, რომელსაც საზოგადოება გამოკითხვებსა თუ სახალხო დემონსტრაციების დროს აჩვენებს, უნდა დააფიქსირონ არჩევნებზეც, რათა საქართველო სხვა შესაძლებლობების ფანჯარას მომზადებულები დახვდეს.