კამპანია ევრომელანომა გრძელდება. კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის, ასევე, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია იგეგმება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა და საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის თავმჯდომარემ, ლალი მეკოკიშვილმა ისაუბრეს.

მოქალაქეები, 14 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, უფასო სკრინინგით სარგებლობას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში შეძლებენ.

ლალი მეკოკიშვილი და ნინა ხატისკაცი

ფოტო: თბილისის მერია

თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ევრომელანომის კამპანია საქართველოში წელს უკვე მეხუთედ ტარდება, 2012-2016 წლებში ჩატარებული სკრინინგის ფარგლებში უფასო გამოკვლევებით ისარგებლა 4 500-მდე პირმა, გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის, მელანომა და არამელანომური კიბო, თბილისის მასშტაბით ჩატარდა უფასო ოპერაციებიც.

ევრომელანომის კამპანია პირველად 1999 წელს ბელგიაში ჩატარდა, საქართველო კი მას 2012 წლიდან შეუერთდა. კამპანიაში საქართველოს ჩართვის ინიციატორი და სკრინინგის ორგანიზატორია საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია. კამპანიის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.