უკრაინის რადას ფრაქციის თავმჯდომარე ვიდეომიმართვაში ხალხს თხოვს, ყურადღება არ მიაქციონ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებებს, რადგან გადაუმოწმებელი ინფორმაციაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დავით არახამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის წევრი და მასთან დაახლოებული პირია. მისი დადანაშაულება საქართველოს წინააღმდეგ ქმედებაში კიდევ ერთხელ აზიანებს 2 ქვეყნის ურთიერთობას.

  • ამ ვიდეოთი ის პრემიერს პასუხობს, რომელმაც მასზე საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, "ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხრიდან იცის", რომ არახამიამ, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, "პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა ევროპას, თუ საქართველო სტატუსს მიიღებდა, გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ".

არახამია ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარება ქართველ ხალხს, გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, საწყენია, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ასე უდგას უკრაინას გვერდში "ერთი ოლიგარქის მძევალია".

  • "პირველ რიგში, არახამია ევროპაში არ ყოფილა. მეორეც, აშშ-ში არახამია კონკრეტულად იყო დაკავებული იმით, რომ ამტკიცებდა კონცეფციას, რომ ბატონი ივანიშვილი არის პრორუსული ოლიგარქი, რომელსაც ყავს მარიონეტული მთავრობა. ის მახეს უგებს ქართველ ხალხს, რომელსაც უნდა ევროპა".
  • "გთხოვთ არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს მთავრობის ფეიქებს, კონკრეტულად პრემიერმინისტრს, რომელიც ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას ერთი ოლიგარქის შეკვეთით".

არქივიდან: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დავით არახამია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თავდასხმის სამიზნე გახდა კრიტიკული განცხადებების გამო.

  • მას შემდეგ, რაც უკრაინელმა პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების განხილვა მოითხოვა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ომის დასრულების შემდეგ ქართული საზოგადოება არახამიაზე კიდევ უფრო მეტ ცუდს გაიგებს.