ჩვენი სხეული სხვადასხვა ბაქტერიისა თუ მიკროსკოპული არსების სახლია. ისინი იქ იბადებიან, ცხოვრობენ, მრავლდებიან და იხოცებიან. სწორედ ასეთია Demodex folliculorum, სახეობა, რომლის წარმომადგენლებიც ადამიანის კანზე ბინადრობენ.

ამ უწყინარი სიმბიოზით ისინი არაფერს გვიშავებენ და შესაძლოა, დადებითი გავლენაც კი ჰქონდეთ, თუმცა აქამდე მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. ახლა კი მეცნიერთა გუნდმა ამ ობობასნაირთა (თუმცა, ტკიპებს უფრო ჰყვანან, ვიდრე ობობებს) გენომის სრულად გაშიფვრა შეძლო და ჩვენი პაწაწინა "მდგმურების" მახასიათებლები გამოავლინა.

Demodex folliculorum, ძირითადად, სახის ფორებში გვხვდება და სულ რაღაც 2-3 კვირა ცოცხლობს. ეს მოგრძო, მატლის ფორმის ორგანიზმები თმის ფოლიკულებში იდებენ ბინას და ცხიმოვანი ნივთიერებით იკვებებიან, რომელსაც ჩვენი კანის დაცვისა და დატენიანების ფუნქცია აქვს.

ახალი კვლევით მათზე ბევრ რამეს ვიგებთ, მაგალითად, იმას, რომ ანუსი აქვთ. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამ არსებებში ფეკალიები გროვდებოდა და სიკვდილის შემდეგ ერთბაშად გამოიყოფოდა, რასაც კანის როზაცეასთანაც აკავშირებდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ განავალს ისინი ეტაპობრივად და მცირე რაოდენობით, ანუსიდან გამოდევნიან.

ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნულ სახეობას ძალიან მარტივი გენომი აქვს და ფუნქციონირებისთვის მინიმალური რესურსი ესაჭიროება. მათ ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ გადარჩენის უნარი დაკარგეს, ამიტომ ფორების სიღრმეში ბინადრობენ და ღამით მრავლდებიან. ამასთან, არ გამოყოფენ მელატონინს და დედიან შვილზე დიდწილად ძუძუთი კვების დროს გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გენეტიკური მრავალფეროვნების ნაკლებობა აქვთ. ამ და სხვა ფაქტორების გამო, სავარაუდოა, რომ მალე ისინი უფრო მეტ და მეტ გენს დაკარგავენ, შედეგად კი განმასხვავებელ ნიშნებს გამოემშვიდობებიან, რა პროცესიც აქამდე მხოლოდ ბაქტერიებშია გამოვლენილი.

დიდი ალბათობით, Demodex folliculorum შიდა სიმბიოტად გარდაიქმნება, რაც, სავარაუდოდ, უკვე დაწყებულია, თუმცა ამ პროცესის დასრულებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება. ასეა თუ ისე, ისინი შესაძლოა, მკვდარი უჯრედების მოცილებაში გვეხმარებოდნენ და კანის პრობლემებს სულაც არ იწვევდნენ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Molecular Biology and Evolution გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.