ფლორიდაში გიგანტური ბირმული პითონი აღმოაჩინეს. მკვლევრებმა ის სამალავიდან სხვა პითონის გამოყენებით გამოიტყუეს.

უზარმაზარი გველი მდედრია, რომლის სიგრძე თითქმის 5,4 მეტრია და 97 კილოგრამს იწონის. ის 14 კილოგრამით უფრო მძიმეა, ვიდრე მისი წინამორბედი რეკორდსმენი. აქამდე ასეთი ზომის პითონის არასდროს უნახავთ.

ბირმული პითონების უმეტესობა (Python bivittatus), რომლებიც გვხვდება ფლორიდაში, 1,8-დან, 3 მეტრის სიგრძისაა. თუმცა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მათ მშობლიურ ჰაბიტატებში გველები უფრო დიდებიც არიან.

მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში ისინი ფლორიდაში გაავრცელეს, პითონები წარმატებით გამრავლდნენ შტატის სამხრეთ რეგიონებში, სადაც ნადირობენ ბევრ ფრინველსა და ძუძუმწოვარზე, ასევე ხანდახან ალიგატორზე და შინაურ ცხოველებზე.

მიუხედავად მათი გიგანტური ზომისა, ბირმული პითონების დაფიქსირება ძალიან რთულია. ისინი თავს ჭაობებს და ტყეებს აფარებენ.

"დიდი რეპროდუქციული მდედრი პითონების ამ ეკოსისტემებიდან ამოღებაა საჭირო. მიზეზი ისაა, რომ მდედრებს არაპროპორციულად შეუძლიათ მრავალი შთამომავლის დატოვება", — განუცხადა National Geographic-ს ფლორიდის ველური ბუნების დაცვის კომისიის ბიოლოგმა სარა ფანკმა.

და მაინც, როგორ ჩაიგდეს მსოფლიოში უდიდესი პითონი? ამისთვის მეორე, 3,7 მეტრის სიგრძის გველი გამოიყენეს. გველმა დიონისუმა სატყუარას როლი შეასრულა. სწორედ მისი გამოყენებით მკვლევრებმა მოახერხეს უზარმაზარი მდედრის ბუნაგიდან გამოყვანა და მისი შეპყრობა.

კვლევის შემდეგ მდედრობითი სქესის გველი გაკვეთეს. მის სხეულში აღმოაჩინეს კვერცხუჯრედის რეკორდული (122) რაოდენობა. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში კი შეხვდათ ბეწვის ნარჩენები, დაშლილი ძვლის ნატეხები და ჩლიქი. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ პითონის ბოლო ულუფა ზრდასრული თეთრკუდა ირემი იყო.

მკვლევრების თქმით, ასეთი პითონები მთლიანად ეკოსისტემისთვის არიან საშიში.

"ამ პითონებს აქვთ ეკოსისტემის სრული შეცვლის უნარი და შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ამას უკვე აკეთებენ. ეს საყურადღებოა!", — თქვა კრისტენ ჰარტმა, ეკოლოგმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.