ნეტფლიქსი კიდევ ერთი გახმაურებული წიგნის ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს, ოღონდ არა თანამედროვე ბესტსელერის, არამედ ამერიკული ლიტერატურის კლასიკის — ჯონ სტეინბეკის რომანის ედემის აღმოსავლეთით მიხედვით.

სერიალის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი ზოი კაზანი იქნება, რომლის ბაბუამაც, ელია კაზანმა 1955 წელს პირველად გადაიღო ამავე წიგნის მიხედვით ფილმი და სწორედ მასში შესრულებული როლით გაიცნო ფართო საზოგადოებამ შემდგომში უკვე ლეგენდად ქცეული მსახიობი — ჯეიმს დინი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება სერიალის რეჟისორი, მაგრამ ვიცით, რომ მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ფლორენს პიუ შეასრულებს, რომელმაც მაყურებელს უკვე დაამახსოვრა თავი ფილმებით მიდსომარი, პატარა ქალები და შავი ქვრივი.

მარცხნივ ზოი კაზანა, მარჯვნივ ფლორენს პიუ.

ფოტო: AP

"ედემის აღმოსავლეთით ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯონ სტეინბეკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. 1952 წელს გამოცემული ეს ვრცელი რომანი, რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა, ბიბლიურ პარალელებზეა აგებული და მოიცავს ისეთ მარადიულ თემებს, როგორიცაა პიროვნების იდუმალება, სიყვარულის აუხსნელობა და სიყვარულის დეფიციტის საბედისწერო შედეგები. 'ვფიქრობ, ყველაფერი, რაც აქამდე დამიწერია, ამ წიგნისთვის მზადებად შეიძლება ჩაითვალოს', ამბობს თავად ჯონ სტეინბეკი", — ვკითხულობთ წიგნის ქართული გამოცემის ანოტაციაში.

ედემის აღმოსავლეთით ქართულად რამაზ ხატიაშვილმა თარგმნა და ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა, თუმცა უკვე დიდი ხანია, წიგნის ტირაჟი ამოწურულია და ქართულენოვანი მკითხველების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ეპოქალური რომანის გაცნობას ვერ ახერხებს.

ვიმედოვნოთ, რომ უახლოეს მომავალში ნეტფლიქსის სერიალთან ერთად ქართული თარგმანის განახლებულ ტირაჟსაც ვიხილავთ.