პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრა. ოლიგარქებად მამუკა ხაზარაძე, დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი დაასახელა. ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე კი კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქველმოქმედია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს მიმართ ევროკომისიის მოთხოვნების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ დეოლიგარქიზაციას ეხება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, ვის გულისხმობენ.

  • მანამდე, ევროპარლამენტარების რეზოლუციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას და მის კრემლთან ურთიერთობას ეხებოდა.
  • ევროპარლამენტრმა, რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია და ყველამ კარგად იცის რომელ ოლიგარქზეცაა საუბარი.
  • ბოლო პერიოდში მმართველ გუნდში ხშირად ისმის განცხადებები, რომ ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ, ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან.

ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაცია უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე საქართველოს.

  • "ჩვენ საერთოდ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება".
  • თუმცა შემდეგ ჩამოთვალა ყველა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის გარდა, ვინც ოლიგარქი ჰგონია.

რა თქვა ხაზარაძეზე: ღარიბაშვილის აზრით, ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა გამხდარიყო ოლიგარქი — "ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, მთვრობა და პარლამენტი".

  • "ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც იმის გამო რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, იმიტომ, რომ ფული არ დახარჯა. 3 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული დღეის მდგომარეობით".

რა თქვა კეზერაშვილზე: მას ნამდვილი ოლიგარქი უწოდა და თქვა, რომ აფინანსებს ტელევიზიებს, მოპარული ფულით.

რა თქვა სააკაშვილსა და მის ოჯახზე: პრემიერმინისტრმა ყოფილ პრეზიდენტს მთავარი ოლიგარქი უწოდა და გაკვირვებულმა იკითხა, თუ ვინ და სად თქვა, რომ მთავარი ოლიგარქი ივანიშვილია.

  • "სააკაშვილი არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და თქვენი პარტია არის მთავარი პრობლემა".
  • ღარიბაშვილმა სააკაშვილის დედას გიული ალასანიას და ბიძას, თემურ ალასანიასაც ოლიგარქები უწოდა.

რა თქვა ივანიშვილზე: მას უკიდეგანო ქველმოქმედი უწოდა.

  • "კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში, სხვა ქვეყნებში, თავისი შრომით, თავისი ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში".