ამერიკელი თეორიული ფიზიკოსი და ფუტურისტი, ყველასთვის კარგად ცნობილი მიჩიო კაკუ New York Times-ში გამოქვეყნებულ ესეიში წერს, რომ ის და მისი კოლეგები სტუდენტებს ხშირად ავალებენ იმის გამოთვლას, თუ რა შანსია, რომ მომდევნო დღეს მარსზე გაიღვიძონ, კვანტური თეორიის გათვალისწინებით.

ეს კითხვა, რა თქმა უნდა უცნაურად ჟღერს, თუმცა კვანტურ ფიზიკაში სიტყვა "უცნაური" ან, თუნდაც, "შეუძლებელი", ფაქტობრივად, მნიშვნელობას კარგავს.

"კვანტური თეორია ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპზეა დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც, უმცირესი შანსი მაინც არის, რომ მარსის მსგავს შორეულ ადგილზე ვიარსებოთ", — აცხადებს მიჩიო კაკუ.

მისივე თქმით, "არის ძალიან მცირე, თუმცა გამოთვლადი შესაძლებლობა, რომ ჩვენმა კვანტურმა ტალღამ დრო-სივრცე გაარღვიოს და იქ (მარსზე) აღმოჩნდეს".

ფიზიკოსი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, გამოთვლების თანახმად, წითელ პლანეტაზე ასეთი გზით მოსახვედრად ლოდინი ძალიან, ძალიან დიდხანს მოგიწევთ. შესაბამისად, ხვალ, დიდი ალბათობით, ისევ საკუთარ ოთახში გაიღვიძებთ. აქვე, ის ბრიტანელი მეცნიერის, ჯონ ჰოლდეინის ნათქვამს ახსენებს, რომ რეალობა არა მხოლოდ იმაზე უცნაურია, ვიდრე ჩვენ გვგონია, არამედ იმაზე უცნაურიცაა, ვიდრე შეგვიძლია, რომ გვეგონოს.

დასკვნა შემდეგშია: ნაკლებად სავარაუდო შეუძლებელს არ ნიშნავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.