ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მათი და გიოტინგენის უნივერსიტეტის (ლემან ჰაუპტის საერთაშორისო სკოლა) დოქტორანტის, სალომე მჭედლიძის, სტატია ჟურნალში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა. კვლევას კოსმოლოგიისა და გრავიტაციის ჯგუფის პროფესორები, აქსელ ბრანდენბურგი და თინათინ კახნიაშვილი, ხელმძღვანელობდნენ.

ნაშრომი კოსმოსური სიმულაციების მეშვეობით დიდმასშტაბიანი მაგნიტური ველების (მაგნიტური ველები, რომელთაც მზისაზე გაცილებით დიდ, გალაქტიკებისა და გალაქტიკური კლასტერების, მასშტაბებზე აკვირდებიან) კვლევას ეხება.

უწყების მიხედვით, ავტორებმა ე.წ. პირველადი მაგნიტური ველები — ადრეულ სამყაროში მიმდინარე პროცესების შედეგად წარმოშობილი ველები — შეისწავლეს.

მათი შრომა სამყაროს ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე ინფორმაციის მოპოვების კუთხითაა მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ დაკვირვებადი დიდმასშტაბიანი მაგნიტური ველების წარმოშობას აეხადოს ფარდა, მეცნიერებმა მაგნიტური ველების ევოლუცია უნდა შეისწავლონ.

ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში ეს საკითხი რიცხვითი მოდელირების საშუალებით შეისწავლეს და დაგვანახეს, რომ პირველადი მაგნიტური ველების განაწილების შესახებ ინფორმაცია სამყაროს დიდ მასშტაბებზე შენარჩუნებული იქნება, სამომავლოდ კი მათი წარმოშობის მექანიზმების დაზუსტებაც მოხერხდება.

"გენერაციის მექანიზმების დადგენა კი, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, გავიგოთ, რა წვლილი შეიტანა მაგნიტურმა ველებმა დღევანდელი დიდმასშტაბიანი სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში", — ვკითხულობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.