2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ითხოვენ, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, საქართველოსაც მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს წერილი დღეს გადასცა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია ვერ მიიღო.

  • კომისიამ ქვეყნისთვის მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელიც კანდიდატობის მიღებამდე უნდა შესრულდეს.
  • არსებობს მოლოდინი, რომ 24 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ევროკომისიის რეკომენდაცია აისახება.
  • საზოგადოების ნაწილი და პოლიტიკოსები სხვადასხვა გზით ცდილობენ 24-მდე ევროკავშირის გადაწყვეტილება შეიცვალოს.

დეტალები: წერილს ხელს აწერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები: აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი.

  • მიმართვას არ უერთდება მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მან ევროპული ქვეყნის ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები გაავრცელა.
  • არ უერთდება ქართული ოცნების რამდენიმე პარლამენტის თავმჯდომარეები — ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი.

მარგველაშვილის თქმით, ხელმომწერებისთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება.

  • "ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები დარჩენილიყო, მაგრამ ჯერ კანდიდატობა მოეცათ და ვალდებულებების შემდეგ შესრულებაზე ყოფილიყო ლაპარაკი".