სალომე ზურაბიშვლი პოლონეთის, ხორვატიის, ბელგიის, გერმანიის, დანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და იტალიის ლიდერებს მიმართავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია ვერ მიიღო.

  • კომისიამ ქვეყნისთვის მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელიც კანდიდატობის მიღებამდე უნდა შესრულდეს.
  • არსებობს მოლოდინი, რომ 24 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ევროკომისიის რეკომენდაცია აისახება.
  • პრეზიდენტმა აქამდე უკვე ისაუბრა, რომ პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს მიმართავდა, რათა მხარი დაეჭირათ ევროინტეგრაციის გზაზე.

პოლონეთის პრეზიდენტს ზურაბიშვილი მიმართავს, რომ ორივე ქვეყანას აქვს საერთო წარსული — ოკუპაციის, ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის.

  • "იმედი გვაქვს პოლონეთის მხარდაჭერის, სოლიდარობის, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს გზას ევროპისკენ".

ხორვატიის პრეზიდენტთან მიმართვისას აღნიშნავს, რომ ქვეყანამ, რომელმაც ბოლო დროს აიღო გზა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, უკეთ იცის ამ ინტეგრაციის ფასი და ღირებულება.

  • "ჩვენ ველოდებით ისტორიულ და ეგზისტენციალურ გადაწყვეტილებას".

ბელგიის პრემიერმინისტრს სთხოვს მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ ეტაპზე.

გერმანიის პრეზიდენტისადმი მიმართვაში საუბრობს, რომ გერმანიამ იცის, რომ კედლები ევროპელებს არ უნდა ჰყოფდეს ერთმანეთან.

  • "ჩვენ როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორი და მეგობარი, დღეს თქვენი იმედი გვაქვს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში დაეხმარებით საქართველოს გზაზე".

დანიის პრემიერმინისტრთან მიმართვისას აღნიშნავს, რომ ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ნებაა.

საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს, რომ საქართველოს არასოდეს შეუწყვეტია წინსვლა დემოკრატიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

ირლანდიის პრეზიდენტს მიმართავს, რომ აფასებს ირლანდიელი ხალხის მხარდაჭერას

  • "ვიცით, რომ მხარს გვიჭერთ".

შვედეთის პრემიერმინისტრს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა.

  • "ჩვენი დრო დადგა ამ ოჯახის რეინტეგრაციისა".

ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან აღნიშნავს, რომ საქართველო იბრძვის იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად აქცევს.

იტალიის პრეზიდენტთან მიმართვისას კი აღნიშნავს, რომ იტალია საქართველოს გვერდით იდგება.