SpaceX-მა კოსმოსური გაფრენების ჰეთთრიქი შეასრულა — ორ დღეში სამი სხვადასხვა რაკეტა ააფრინა და დასვა კიდეც.

ბოლო ფრენა იყო 19 ივნისს, ორეტაპოვანი Falcon 9 რაკეტა გაუშვეს ფლორიდის კანავერალის კოსმოსური სადგურიდან, 12:27 საათზე. რაკეტამ Globalstar-ის სატელიტი აიტანა ორბიტაზე.

SpaceX სწორედ ასეთი დატვირთული გრაფიკით განაგრძობს მუშაობას მომდევნო თვეებში, ზაფხულის ბოლოსკენ კი მრავალჯერადი მოხმარების Starship-ის ორბიტაზე გაშვება იგეგმება.

Globalstar-ის მისიაში გამოყენებულმა პირველი სტადიის რაკეტამ განახორციელა SpaceX-ის ხომალდზე ვერტიკალური დაშვება, აფრენიდან სულ რაღაც ათი წუთის შემდეგ. თავად სატელიტი ორბიტაზე აფრენიდან საათსა და 50 წუთში გაეშვა.

სატელიტის გაშვება SpaceX-ის რიგით მესამე შესრულებული მისია იყო 36 საათიან პერიოდში. 17 ივნისს, კერძო კოსმოსურმა კომპანიამ გაუშვა Starlink-ის 53 სატელიტი NASA-ს ცენტრიდან, 18 ივნისს კი გაუშვეს სატელიტი გერმანიის შეიარაღებული ძალებისათვის, კალიფორნიაში განთავსებული ვანდენბერგის სადგურიდან.

ასევე საგულისხმოა, რომ პარასკევის მისიამ ახალი რეკორდი დაამყარა SpaceX-ის ტექნიკის მრავალჯერადობაში. Falcon 9-მ უკვე მეცამეტედ გაუშვა სატელიტები ორბიტაზე და დედამიწაზე უვნებელი დაბრუნდა.

SpaceX-ის პრეზიდენტი თანამშრომელთა ღელვას პასუხობს

თუკი SpaceX-ის შიდა პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებდით, გეცოდინებათ იმ კრიტიკული ღია წერილის შესახებ, რომელიც თანამშრომლებმა კომპანიის დამაარსებელსა და მფლობელს, ილონ მასკს მიწერეს. კომპანისს პრეზიდენტი გვინ შოთველი აცხადებს, რომ ეს არაფერია, თუ არა თვალის არიდება იმ უმნიშვნელოვანესი საქმისათვის, რომელიც SpaceX-ში კეთდება.

"3 გაშვება გვაქვს 36 საათში. ჩვენ ზურგი უნდა გავუმაგროთ იმ ასტრონავტებს, რომლებიც ISS-ზე მოღვაწეობენ, ტვირთმზიდი Dragon მზადყოფნაში უნდა მოვიყვანოთ, ამ კვირის დასაწყისში კი თანხმობა მივიღეთ და მალე Starship-ის პირველ ორბიტალურ მისიას განვახორციელებთ", — აცხადებს ის.

ნამდვილად დატვირთული პერიოდია SpaceX-ისთვის. კომპანიამ წელს უკვე 26 ფრენა შეასრულა, გეგმაშია კი კიდევ ბევრია.

Falcon 9-ს მრავალჯერადობა დიდი ნაბიჯია კოსმოსური ინდუსტრიისათვის, მაგრამ მრავალჯერადია მხოლოდ რაკეტის პირველი ნაწილი. Starship მრავალჯერად კოსმოსურ ფრენას ახალ დონეზე აიყვანს — მთელი ხომალდი შეძლებს მრავალჯერ აფრენასა და დაშვებას. SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა ხომალდს "თანამედროვე ნოეს კიდობანი" უწოდა.