კომისია 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს კრიტიკულად ეხმაურება და ამბობს, რომ კანონპროექტს აკლდა გამჭვირვალობა როგორც მოტივების, ისე მიზნების თვალსაზრისით.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კანონპროქტი კრიტიკის ობიექტი ჯერ კიდევ მიღებამდე, განხილვის პროცესში გახდა.

დეტალები: კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ფორმალურად დაცული საკანონმდებლო პროცედურისა, ცვლილებები ზედმეტად დაჩქარებულადაა მიღებული.

  • კომისიას მიაჩნია, რომ კანონპროექტი ინკლუზიური, ეფექტური კონსულტაციების გარეშე დამტკიცდა.
  • განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველთვის აკრიტიკებენ იმ საპარლამენტო აქტების დაჩქარებულად მიღებას, რომლებიც არეგულირებენ სამართლებრივი წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებს.
  • კომისიის თქმით, ცვლილებებმა საქართველოს კონტექსტში, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი მოახდინოს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობაზე.

კომისიის დასკვნაში პრობლემურადაა შეფასებული ისიც, რომ გაუქმდა აკრძალვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის შესახებ.

  • კომისია ფიქრობს, რომ ახალი ცვლილებით განსაზღვრული კანონი არ ითვალისწინებს წევრის მეორედ დანიშვნის კრიტერიუმებს.
  • ცვლილილებში განსაზღვრული არ არის, თუ რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მეორედ შერჩევა.
  • კომისია აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა განისაზღვროს შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.