გარდა იმისა, რომ სტრიმინგ პლატფორმა ნეტფლიქსი პოპულარულ და წარმატებულ სერიალებს ქმნის, აქ ბევრი ცნობილი ფილმი ექსკლუზიურადაა განთავსებული. ნეტფლიქსს მსოფლიოში 220 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად, მისი რეიტინგები ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგალითად, რომელია ყველა დროის 10 ყველაზე პოპულარული ფილმი პლატფორმაზე...

10. Spenser Confidential

უყურეს 197 320 000 საათის განმავლობაში

2020 წელს გამოსული ფილმი, რომელშიც უინსტონ დიუკი და მარკ უოლბერგი მონაწილეობენ, კომედიური თრილერია და ეის ეტკინსის დეტექტიურ რომანს ეფუძნება. ფილმმა კრიტიკოსებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.

9. 6 Underground

უყურეს 205 470 000 საათის განმავლობაში

ფილმში, რომელიც 2019 წელს გამოვიდა, მთავარ როლს რაიან რეინოლდსი ასრულებს. ეს სიაში კიდევ ერთი თრილერია და მას, წესით, გაგრძელებაც უნდა მოჰყოლოდა, თუმცა, კვლავაც არაერთგვაროვანი გამოხმაურების მიღების გამო, მეორე ნაწილი გაუქმდა.

8. The Kissing Booth 2

უყურეს 209 250 000 საათის განმავლობაში

მოზარდებისთვის განკუთვნილი რომანტიკული კომედიის მეორე ნაწილი 2020 წელს გამოვიდა. ბეთ რიკლსის ნაწარმოებზე დაფუძნებული ფილმი ტრილოგიიდან ერთადერთია, რომელიც ნეტფლიქსის საუკეთესო ათეულში მოხვდა. თუმცა, სიის წინა ორი ფილმისგან განსხვავებით, დიდწილად უარყოფითი გამოხმაურება დაიმსახურა. ამის მიუხედავად, მისი გაგრძელება — სერიის მესამე ფილმი — 2021 წელს მაინც გამოვიდა.

7. The Irishman

უყურეს 214 570 000 საათის განმავლობაში

2019 წელს გამოსულ ფილმში მსახიობების ვარსკვლავური შემადგენლობა მონაწილეობდა — რობერ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში. ფილმი არაერთ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე იყო ნომინირებული, მათ შორის, ოქროს გლობუსსა და ბრიტანული კინოაკადემიის პრიზებზე, თუმცა, გამარჯვება ვერცერთგან მოიპოვა. კინოკრიტიკოსების დიდწილად დადებითი გამოხმაურებების მიუხედავად, პროექტი ვერც კომერციულად გამოდგა წარმატებული.

6. The Unforgivable

უყურეს 214 700 000 საათის განმავლობაში

2021 წელს გამოსული ფილმი, სანდრა ბულოკის მონაწილეობით, საპატიმროდან გამოსული ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საზოგადოებაში ბევრ წინააღმდეგობას აწყდება. გამოშვებიდან პირველი კვირის განმავლობაში ნეტფლიქსზე ის ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი ფილმი იყო.

5. Extraction

უყურეს 231 340 000 საათის განმავლობაში

გრაფიკულ რომანზე დაფუძნებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კრის ჰემსვორტი ასრულებს, 2020 წელს გამოვიდა. ნეტფლიქსის პლატფორმაზე წარმატების შემდეგ, ფილმის მეორე ნაწილის გადაღება დამტკიცდა. აღსანიშნავია, რომ Extraction 2-ში ოთხი ქართველი მსახიობიც მონაწილეობს.

4. The Adam Project

უყურეს 233 160 000 საათის განმავლობაში

სიაში ეს კიდევ ერთი ფილმია, სადაც რაიან რეინოლდსი მონაწილეობს. მასთან ერთად, 2022 წელს გამოსულ ფილმში მარკ რუფალო და ჯენიფერ გარნერიც თამაშობენ. მაღალბიუჯეტიან სათავგადასავლო საი-ფაიზე მუშაობა კი ჯამში თითქმის 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

3. Bird Box

უყურეს 282 020 000 საათის განმავლობაში

ესეც სანდრა ბულოკის კიდევ ერთი ფილმი საუკეთესო ათეულში. ამასთან, ეს ნაწარმოებიც ერთგვარი საი-ფაია — პოსტაპოკალიფსური ჰორორი, რომელიც ჯოშ მალერმანის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება.

2. Don't Look Up

უყურეს 359 790 000 საათის განმავლობაში

2021 წელს გამოსულ კინოსურათში ასევე ვარსკვლავური დასი მონაწილეობს: ლეონარდო დიკაპრიო, ჯენიფერ ლოურენსი და მერილ სტრიპი. ეს ერთ-ერთია იმ ორად ორი ფილმიდან, რომელიც ნეტფლიქსის რეიტინგში 300-მილიონიან ნიშნულს გადასცდა. ამასთან, ფილმი ამ სიაში კიდევ ერთი საი-ფაი, ერთგვარი აპოკალიფსური კომედიაა, რომელიც გლობალურ პრობლემებს ეხმაურება.

1. Red Notice

უყურეს 364 020 000 საათის განმავლობაში

2021 წელს გამოსულ კომედიურ თრილერში დუეინ ჯონსონი, გალ გადოთი და რაიან რეინოლდსი თამაშობენ. ეს ამ სიაში ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი, რომლის წარმატებაზეც რიცხვები მეტყველებს. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ მის გაგრძელებებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.