ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლაში ჭერიდან ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად 3 მოსწავლე დაშავდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა, როდესაც დაზიანებული შენობის ჭერიდან ბათქაში ჩამოცვივდა და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დაეყარა თავზე.

მოსწავლეები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვთ. სკოლის დირექტორის თქმით, ე.წ. სინკარებს შორის ნალესი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთ ბავშვს კისერზე აქვს ჭრილობა და დაჟეჟილობა, ერთ ბავშვს თავის ტკივილები აქვს, მესამე კი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული.

მშობლები სკოლის ავარიულობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სკოლას რეაბილიტაციის ნაცვლად დანგრევა და თავიდან აშენება სჭირდება.

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. ლია გიგაურმა დასძინა, რომ სამინისტრო მოიკვლევს ვისი გადაწყვეტილებით შევიდნენ ბავშვები დაზიანებულ ოთახში.