ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ შეიძლება მოქმედებდეს ჩვენი თითოეული ქცევა და მზრუნველობის გამოხატვა ან პირიქით — ყურადღების ნაკლებობა იმ ოთხფეხა არსებებზე, რომლებსაც ჩვენთვის ერთგული მეგობრობის გაწევა შეუძლიათ?

ამის საილუსტრაციოდ "ჩორნას" ისტორიაც საკმარისი იქნება.

ქართველმა ცხოველთა მოყვარულმა თამთა ჭიღლაძემ 6 მარტს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ნახა, რომლებზეც აღბეჭდილ ძაღლს ყურები ისე საწყლად ჰქონდა ჩამოყრილი და ისეთი შეშინებული გამოხედვა ჰქონდა, რომ გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, თავშესაფრიდან გამოეყვანა და მისთვის უკეთესი პირობები შეექმნა.

აღმოჩნდა, რომ ძაღლი, რომელსაც ჩორნა შეარქვეს, პატრონმა მიატოვა და თავშესაფარში ჩააბარა. ასეთი იყო მისი თავშესაფარში ყოფნის პერიოდი:

ფოტო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

თამთა, რომელიც მოხალისეობრივად ცდილობს უსახლკარო ცხოველების მოვლა-პატრონობას, საკვებით უზრუნველყოფას და საუკეთესო შემთხვევაში მათთვის მზრუნველი პატრონის პოვნას, ამჯერადაც იმავეს ეცადა, თუმცა ჩორნა მეორედაც მიატოვეს: ის ახალმა პატრონმა შეიფარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძაღლი შეშინებულია და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება უჭირს, რის გამოც ის ისევ უკან დააბრუნეს.

"თავდაპირველად, პირველ ნახვაზე მეც მიღრენდა და მიყეფდა, შორიდან ვაკვირდებოდი და ისე ვაცნობდი თავს. იგივე გაიმეორა შემფარებელთანაც, პირველ დღეს იგივენაირად იქცეოდა, როგორც ჩემთან, თუმცა მეორე დღესვე გაუჩნდა ნდობა ჩემსა და შემფარებლის მიმართ, როცა მიხვდა რომ არაფერს ვუშავებდით. ძალიან ეშინია ჯოხების", — წერს თამთა ჭიღლაძე.

თამთა ვარაუდობს, რომ ჩორნას სცემდნენ. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას უცხო ადამიანთან ურთიერთობის დაწყებისას მისი აგრესიული ქცევა, რასაც კინოლოგის დახმარება სჭირდება.

რადგანაც შესაფერისი პატრონის პოვნა გაჭირდა, თამთა იძულებული გახდა, რომ ფასიანი შემფარებლისთვის მიებარებინა ძაღლი, რაც თვეში სამასი ლარი ჯდება, საკვები კი — მინიმუმ 90.

თავშესაფრის შემდეგ ჩორნას ცვლილება აშკარაა: როგორც მის განწყობაში, ისე ფიზიკურ მდგომარეობაში — სხვადასხვა დაავადების გამო დასუსტებული იყო და მხოლოდ შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მოხერხდა მისი მოძლიერება.

ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ჩანს, თავშესაფრიდან სამი თვის შემდეგ როგორი შეცვლილია ჩორნა.

ფოტო: თამთა ჩიგლაძე

უკვე სამი თვეა, რაც ჩორნა ასე ცხოვრობს, თუმცა, სამწუხაროდ, ერთი მოხალისის ფინანსური შესაძლებლობები ამოუწურავი არ არის, ამიტომაც თამთა კვლავ ეძებს მზრუნველ პატრონს, თორემ ჩორნა შეიძლება ისევ ქუჩაში აღმოჩნდეს.

თანაც ჩორნა ერთადერთი ძაღლი არაა, რომელიც თამთამ გადაარჩინა: ამჟამად ფასიან შემფარებელთან კიდევ სამი ძაღლია, რომელთა კვება და მოვლა-პატრონობა არც ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული.

თუ თავად ვერ ახერხებთ ამ ოთხფეხა ცხოველების აყვანას, შესაძლებლობა გაქვთ, ფინანსურად დაეხმაროთ და მათთვის თავშესაფარი და საკვები შედარებით უფრო დიდხანს უზრუნველყოთ:

საქართველოს ბანკის ანგარიში: GE41BG0000000371063096

თიბისი ბანკის ანგარიში GE91TB7335536080100014

მიმღები: ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის