მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატისა და რუსი ჟურნალისტის, დმიტრი მურატოვის, ოქროს მედალი აუქციონზე რეკორდულად შეფასდა და $103,5 მილიონად გაიყიდა. ამ თანხით მურატოვი უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას აპირებს.

"იმედი მქონდა, რომ დიდ სოლიდარობას გამოიჩენდნენ", — ამბობს მურატოვი აუქციონის შემდეგ, — "თუმცა, არ მეგონა, ეს სოლიდარობა თუ ამხელა იქნებოდა".

უცნობია, ვინ შეიძინა მედალი, თუმცა, ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე პრიზის გაყიდვას ხმამაღალი ოვაციები მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ მურატოვის მედალი 20 ივნისს — ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს — გაიყიდა.

ამ დრომდე ნობელის პრიზის რეკორდულ ღირებულებად $4,76 მილიონი მიიჩნეოდა — სწორედ ამ ფასად გაყიდა მედალი 2014 წელს ჯეიმს უოტსონმა, რომელსაც პრემია 1962 წელს, დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

რუს ჟურნალისტს კი ნობელის პრემია გასული წლის ოქტომბერში გადაეცა ფილიპინელ მარია რესასთან ერთად. ორმა რეპორტიორმა პრიზი თავისუფალი სიტყვის დასაცავად გაღებული ძალისხმევისთვის დაიმსახურა. მურატოვი დამოუკიდებელ გაზეთ Novaya Gazeta-ს ხელმძღვანელობს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბეჭდური გამოცემები შეაჩერა მასმედიის მაკონტროლებელი ორგანოდან მიღებული გაფრთხილებების გამო.

გამოცემის მთავარმა რედაქტორმა კი მედალთან ერთად მიღებული $500 ათასიც საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა. მურატოვის თქმით, იგი ასე ცდილობს, ლტოლვილ ბავშვებს მომავლის შესაძლებლობა მისცეს. ამდენად, აუქციონზე პრიზის გაყიდვით მიღებული თანხაც პირდაპირ გადაერიცხება გაეროს ბავშვთა ფონდს. ჟურნალისტმა ახსნა კიდეც, რატომ აირჩია დონაციის მიმღებად UNICEF.

"მნიშვნელოვანია, ის ორგანიზაცია ყოფილიყო, რომელიც არცერთ მთავრობას არ ეკუთვნის. [UNICEF] კი მთავრობებისგან დამოუკიდებლად მუშაობს. მისთვის საზღვრები არ არსებობს", — აღნიშნავს მურატოვი, რომლის თქმითაც, განსაკუთრებულად ადარდებს ომის შედეგად დაობლებული ბავშვების ბედი.

ფოტო: Odd Andersen / AFP

რუსეთში კი დამოუკიდებელი ჟურნალისტები კვლავ სამიზნეში ჰყავთ ამოღებული. პუტინის მმართველობის განმავლობაში ქვეყანაში ოცამდე ჟურნალისტი მოკლეს — მათგან ოთხი მურატოვის გაზეთში მუშაობდა.

Novaya Gazeta-ის მთავარი რედაქტორი 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ღიად აკრიტიკებდა თავისი სახელმწიფოს პოლიტიკას. ეს კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ. აპრილის თვეში მურატოვს მატარებლით მგზავრობისას თავს დაესხნენ და წითელი საღებავი შეასხეს.