კოლუმბიის ეროვნულმა საზღვაო ფლოტმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. მათ გამოიყენეს დისტანციური მართვის მექანიზმი რათა მიახლოებოდნენ და გადაეღოთ მე-18 საუკუნეში ჩაძირული გემი. გემი, სან ხოსე გალეონი 3 საუკუნის წინ კარტახენას სანაპიროსთან ჩაიძირა და მას შემდეგ მასთან ადამიანებს კონტაქტი აღარ ჰქონიათ.

ესპანურ გემს დაახლოებით 600-მდე ადამიანი გადაჰყავდა და ასევე მასზე 200 ტონა საგანძური იყო. სწორედ ამ დროს, 1708 წელს ის ბრიტანეთის საზღვაო ძალების გემებმა ჩაძირეს. გემის ჩაძირვის ზუსტი ადგილი სამი საუკუნის განმავლობაში არ იყო ცნობილი და კონკრეტულ ლოკაციას არც ახლა ასახელებენ. ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, დისტანციური სამართავი მოწყობილობა 900 მეტრის სიღრმეზე დაეშვა. ცნობისთვის, 2013 წელს კოლუმბიამ განაცხადა, რომ გემი და საგანძური მათი საკუთრება იყო. მათი თქმით, ეს იმიტომ, რომ ჩაძირული გემი ქვეყნის საზღვაო საზღვარში იყო.

თავის მხრივ, გემის წარმომავლობის გამო პრეტენზიას ესპანეთიც გამოთქვამს. თუმცა, საქმე კიდევ უფრო რთულადაა, რადგან საგანძური სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან იყო მოპარული.

ძვირფასი ნივთები სან ხოსე გალეონზე

200 ტონა საგანძური ცოტა ნამდვილად არ არის და ბუნებრივია სახელმწიფოები მფლობელობაზე პრეტენზიას გამოთქვამენ. კოლუმბიის საზღვაო ძალებმა გემის ჩაძირვის ადგილი 2015 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ ხდებოდა ამ ლოკაციის შესწავლა. ბუნებრივია საგანძურზე ყველაზე მეტი ინფორმაციაც სწორედ მათ აქვთ. რაც აქამდე გავიგეთ, არის რომ გემზე გვხვდება ოქროს და ვერცხლის მონეტები, ზურმუხტი და ჩინური კერამიკა.

გარდა ამისა, არის უძველესი ხმლები და არ უნდა დაგვავიწყდეს თავად გალეონზე არსებული 64 ქვემეხი, რომლებსაც ისტორიული ღირებულება აქვთ. ამ არტეფაქტების საერთო ღირებულება, ძვირფასეულობებთან და ძვირფას ლითონებთან ერთად, დღეს 17 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კოლუმბიის წილი

კოლუმბიამ ჩაძირული გემის შესასწავლად მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენა. საზღვაო ძალებს ამისთვის მძლავრი კომპიუტერების, დისტანციურად მართვადი მოწყობილობები და მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდებოდათ.

საბოლოოდ ხანგრძლივი სამუშაოების შემდეგ მკვლევრებმა მოიპოვეს გემის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა. შესაბამისად, ბუნებრივია, კოლუმბია არ აპირებს ამ საგანძურის სხვისთვის გადაცემას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.