წლების განმავლობაში ტომ ჰენკსმა ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და მეგობრული ვარსკვლავის სახელი მოიხვეჭა. ტომი სტრესულ სიტუაციებშიც კი ახერხებს, გაწონასწორებული იყოს, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს საზღვარი — მათ შორის მსახიობის მოთმინებასაც.

ცოტა ხნის წინ მსახიობი ცოლთან, რიტა უილსონთან ერთად ნიუ-იორკში სავახშმოდ იყო გასული. რესტორნის წინ მათ იმაზე მეტი ფანი დახვდათ, ვიდრე ელოდნენ. მათ ტომთან ერთად ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება უნდოდათ და არც წყვილის შეწუხებას მორიდებიან.

ფანებით გარშემორტყმული ტომი და რიტა გზას მანქანისკენ მშვიდად მიიკვლევდნენ. მოულოდნელად გულშემატკივრები წყვილს იმდენად მიუახლოვდნენ, რომ შემთხვევით რიტას დაეჯახნენ და ლამის წააქციეს.

რიტამ წამოიკივლა, ტომმა შეამოწმა, ცოლს რამე ხომ არ დაუშავდა, შემდეგ კი ფანებს დაუყვირა: "ჩემი ცოლი? უკან დაიხიეთ! ჩემი ცოლი უნდა წააქციოთ?"

ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ტომ ჰენკსი გაამართლა და დასძინა, რომ ვარსკვლავებს ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად პირადი სივრცე სჭირდებათ.

"ტომ ჰენკსს რომ ჩემთვის ეყვირა, ალბათ, ვიტირებდი. ამ ვიდეოს კიდევ ერთხელ ვუყურებ, რომ გავიგო, ვისი ბრალი იყო. ვარსკვლავები არ უნდა შეაწუხოთ და უნებართვოდ სელფების გადასაღებად ასე ახლოს არ უნდა მიხვიდეთ. დისნეილენდში ჯოშ გადის უკან ვიდექი, მაგრამ თავის ოჯახთან ერთად იყო და არ შევაწუხე."

"ტომ ჰენკსის გაბრაზება რომ მოახერხო, ნამდვილი ნაბი*ვარი უნდა იყო. ცნობილი ადამიანების დანახვისას აღფრთოვანება სხვაა და მათ პირად სივრცეში შეჭრა და მათი საყვარელი ადამიანების ლამის წაქცევა სხვა დონის სიგიჟეა."