ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სერიის — ჯოან როულინგის ჰარი პოტერის — მიხედვით ჰოლივუდში 8 ბლოკბასტერია გადაღებული, რომელთა შემოსავალმა ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა. ფილმები ბევრ პოტერჰედს ისევე უყვარს, როგორც წიგნები, თუმცა, ცხადია, მათ ამ გამოგონილი სამყაროს მთელი მაგია ვერ ასახეს. ამასთან, წიგნებში ნახსენები ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი ფილმებში საერთოდ გამოტოვებულია.

სტატია შეიცავს სპოილერებს ჰარი პოტერის წიგნებიდან.

1. ტყუპი უისლების მაღაზია ჰარიმ დააფინანსა

ფოტო: Warner Bros.

სამი ჯადოქრის ტურნირში მოგებული ათასი გალეონით ჰარიმ ფრედ და ჯორჯ უისლების ბიზნეს იდეის დაფინანსება გადაწყვიტა. ვოლდემორის დაბრუნებითა და სედრიკის სიკვდილით დასევდიანებულს ჯილდო აღარ სურდა, ამასთან, ამ ფულის გარეშეც მდიდარი იყო. ამიტომ, მისი მეოხებით უისლების ოინების მაღაზია გაიხსნა.

2. ონავრების რუკა ჰარის მამამ მეგობრებთან ერთად შექმნა

ფოტო: Warner Bros.

ფილმებში ონავრების რუკა ნაჩვენებია, თუმცა, არაა აღნიშნული, რომ ის ჯეიმს პოტერმა, სირიუს ბლექმა, რემუს ლუპინმა და პიტერ პეტიგრიუმ — ანუ ქორბუდამ, მაწანწალამ, მთვარეულამ და გრძელკუდამ — შექმნეს ჰოგვორტსში სწავლის პერიოდში.

3. დერსლებმა ჰარის სახლიდან გაგდება რომ მოისურვეს, დამბლდორმა მათ ღრიალა გაუგზავნა

ფოტო: Warner Bros.

როცა ფენიქსის ორდენში დემონტორებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ძია ვერნონმა ჰარის სახლიდან გაგდება გადაწყვიტა, ოჯახში დამბლდორისგან ღრიალა მიიღეს. ღრიალათი ჰოგვორტსის დირექტორმა პეტუნიას თავისი მითითება შეახსენა, რის შემდეგაც დეიდამ ჰარის სახლში დარჩენა დაჟინებით მოითხოვა.

4. ჰერმიონმა გაერთიანება ედამ დაარსა

ფოტო: Warner Bros.

ჰოგვორტსში სწავლის მეოთხე წელს ჰერმიონმა შინაური ელფების უფლებების დასაცავად გაერთიანება ლფების ამოუკიდებლობის ღდგენის ოძრაობა, იგივე ედამ დაარსა. ეს მას შემდეგ, რაც გაიგო, როგორ ასუფთავებდნენ სკოლას და ამზადებდნენ სტუდენტებისთვის საჭმელს ელფები მთელი თავიანთი ცხოვრება.

5. რონი და ჰერმიონი პრეფექტები გახდნენ

ფოტო: Warner Bros.

მეხუთე კურსზე სწავლის დაწყებამდე რონი და ჰერმიონი გრიფინდორის კლუბის პრეფექტებად დაასახელეს. ჰარისაც და სხვებსაც გაუკვირდათ, რომ ამ პოზიციაზე რონი აირჩიეს და არა პოტერი. თუმცა, დამბლდორმა მოგვიანებით ახსნა, რომ ჰარის საკმარისზე მეტი საქმე ჰქონდა ისედაც მისახედი.

6. პერსიმ თავის ოჯახს ზურგი აქცია

ფოტო: Warner Bros.

ჰოგვორტსში სწავლის დასრულების შემდეგ პერსიმ მაგიის სამინისტროში მუშაობა დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჰარიმ და დამბლდორმა ვოლდემორის დაბრუნების შესახებ ხმა გაავრცელეს და მათ უისლებმაც დაუჭირეს მხარი, პერსიმ თავის ოჯახს ზურგი აქცია. ფილმში ამაზე გადაკრულად არის ნათქვამი, მაგრამ წიგნებში ჩანს, როგორ იმოქმედა პერსის საქციელმა დედამისზე. ამის მიუხედავად, ჰოგვორტსის ბრძოლაში, იგი ოჯახს დაუბრუნდა და მათ მხარდამხარ იბრძოდა.

7. ფილჩი და მისის ფიგი სქვიბები არიან

ფოტო: Warner Bros.

ჰარი შემთხვევით იგებს, რომ ჰოგვორტსის ყარაული არგუს ფილჩი, ისევე, როგორც მისი მეზობელი პრივიტ დრაივზე, მისის ფიგი, სქვიბია — ანუ მაგი, რომელსაც ჯადოქრობა არ შეუძლია.

8. ვოლდემორი წმინდა სისხლის ჯადოქარი არაა

ფოტო: Warner Bros.

ვოლდემორის, იმავე ტომ რიდლის დედა, ჯადოქარი და თანაც სალაზარ სლიზერინის მემკვიდრე იყო. თუმცა, ბნელი ლორდის მამა მაგლია. როგორც წიგნში ვიგებთ, ეს უკანასკნელი ცოლმა სიყვარულის ელექსირით მოაჯადოვა, მისგან დაორსულდა, მერე კი მშობიარობისას დაიღუპა. ამიტომ, ტომი მაგლების ობლთა თავშესაფარში გაიზარდა, სადაც იგი დამბლდორმა იპოვა.

9. ვოლდემორს ჰოგვორტსის მასწავლებლობა უნდოდა

ფოტო: Warner Bros.

ბნელს ლორდს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტომ რიდლი ერქვა, ჰოგვორტსში ბნელი ძალებისგან თავდაცვის სწავლება სურდა. თუმცა, ამ თხოვნაზე დამბლდორმა უარით უპასუხა, რის შემდეგაც, ბევრის რწმენით, ეს ადგილი დაწყევლილი გახდა — საგნის ყველა მასწავლებელი სკოლაში მხოლოდ ერთი წლით რჩებოდა.

10. დეიდა პეტუნიამ დამბლდორს წერილი მისწერა

ფოტო: Warner Bros.

ჰარის დეიდამ, პეტუნია დერსლიმ, ბავშვობაში ჰოგვორტსის დირექტორს წერილი მისწერა და სკოლაში მიღება სთხოვა. ეს მას შემდეგ, რაც სასწავლებლიდან წერილი მისმა დამ, ლილიმ, მიიღო. თუმცა, პეტუნიას თხოვნას უარით უპასუხეს, რის შემდეგაც მას ჯადოქრების სამყარო შეზიზღდა.

ბონუსი: მაგლები ჰოგვორტსს ვერ ხედავენ

ფოტო: Warner Brothers

თუკი ჰოგვორტსის მახლობლად მაგლი ჩაივლის, ის მხოლოდ მიტოვებულ ნანგრევებს დაინახავს, რომლის წინაც გაფრთხილება წერია — რომ შესვლა აკრძალული და სახიფათოა. ამასთან, ჯადოქრების სკოლაში არ მუშაობს მაგლების ელექტრონული მოწყობილობები.