საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებმა მოულოდნელი შედეგი გამოიწვია და ემანუელ მაკრონის მთავრობამ პარლამენტის ქვედა პალატაში სრული უმრავლესობა დაკარგა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პირველად 20 წლის განმავლობაში საფრანგეთში ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატაში 577 ადგილიდან 245 მოიპოვა.

  • ეს უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ აღებული ადგილები, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის მისაღებად 289 ადგილია საჭირო.

დეტალები: ულტრამემარჯვენე პრორუსი მარინ ლე პენის პარტიამ პარლამენტში 89 ადგილი მიიღო.

  • პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაცია ქვეყნისთვის რისკს წარმოადგენს და დაიწყებენ მუშაობას უმრავლესობის ფორმირებისთვის.
  • ფინანსთა მინისტრმა არჩევნების შედეგებს "დემოკრატიული შოკი" უწოდა და პირობა დადო, რომ ყველა პროევროპულ პარტიას დაუკავშირდება დასახმარებლად.

რა შეიძლება გააკეთოს მაკრონმა: სავარაუდოა, რომ მაკრონის მთავრობას კანონპროექტების მიღებაში ხელი შეეშლება და კოალიციის ძებნა მოუწევს.

  • საფრანგეთის პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ ახლა უნდა გადაწყვიტოს შეკრას ალიანსი კონსერვატიულ Les Republicains-თან, რომელთაც 61 მანდატი აქვთ, თუ ამ მოცემულობით გააგრძელონ მართვა.
  • Les Republicains-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მარტივი პარტნიორობა ვერ იქნება, რადგან მის პარტიას ოპოზიციაში სურს დარჩენა.