მართალია, მეტავერსში ჯერჯერობით განსაკუთრებული მოდა არ არსებობს და ადამიანებს ავატარის შემოსვა ჩვეულებრივ შეუძლიათ, თუმცა ამ მხრივ გარკვეული ცვლილებები იგეგმება. მალე მეტავერსში Balenciaga-ს, Prada-სა და Thom Browne-ის სამოსი იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც ვირტუალურ მაღაზიებში გაიყიდება. მათი მყიდველი კი საკუთარ ავატარს სწორედ ამ ბრენდების მიერ წარმოდგენილი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით შემოსავს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რომელზეც მთელი წელი ვმუშაობდით", — განაცხადა სიახლის შესახებ Meta-ს პარტნიორმა მოდის მიმართულებით. მარკ ცუკერბერგმა კი შერჩეული ბრენდების სამოსით საკუთარი ავატარი სოციალურ ქსელებში განათავსა, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ სიახლე საკმაოდ სწრაფად დაინერგება.

ფოტო: Meta

"რამდენად მაგარი ვარ ამ სამოსის სატარებლად? რბოლა ძალიან მომწონს და ახლა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მოტოციკლიდან ან ავტომობილიდან გადმოვდივარ, რაც საკმაოდ კარგი შეგრძნებაა", — ამბობს მარკ ცუკერბერგი Balenciaga-ს სამოსის შესახებ, რომელიც თავისი ავატარისთვის შეარჩია. მეორე ავატარზე კი ცუკერბერგს Prada-ს სამოსი აცვია და მისი აზრით, ასე უფრო თავდაჯერებულია ბრენდის ტანსაცმელში, ვიდრე მაშინ, როცა რეალურად ეცვა.

"მადლიერი და ამაყი ვარ, რომ საკულტო ბრენდები მეტავერსში შემოგვიერთდნენ, რათა ახალი მოდა შევქმნათ", — განაცხადა მარკ ცუკერბერგმა. Meta-ს ავატარების სამოსის მაღაზია მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება და ადამიანებს ცნობილი ბრენდების მიერ შექმნილი სამოსის შეძენაც შეეძლებათ.