საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 20-21 ივნისის საქმეთა ნაწილის განხილვა უსაფუძვლოდ ჭიანურდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 20-21 ივნისის მოვლენები, 3 წლის წინ, 2019 წელს მოხდა.

  • როგორც საიაში ამბობენ, ამ დრომდე საქმესთან დაკავშირებით რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გენერალური პროკურატურის მიერ არ არის მიღებული.
  • გამოძიების დაწყებიდან 2021 წლამდე მხოლოდ ერთი სამართალდამცავს წარდგენა ბრალი იმ დაზარალებულების საქმეში, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს.

სამართლებრივი ნაწილი: პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.

დეტალები: საიას თქმით, 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

  • მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე — შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.
  • დაზარალებულებმა აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების შედეგად მიიღეს დაზიანებები.
  • რამდენიმე მოსარჩელემ რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო დაკარგა თვალი, რამაც მათი შრომისუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია.
  • ამ დრომდე არც ერთ საქმეზე არ დასრულებულა სამართალწარმოება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის საქმეების განხილვისას კანონით დადგენილია შეზღუდული ვადა.

არქივიდან: 2019 წლის 20 ივნისს პროდასავლური და ანტისაოკუპაციო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა.

  • ხალხმრავალი აქცია პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. ირაკლი კობახიძე მხოლოდ მომდევნო დღეს გადადგა.
  • მანამდე სპეცრაზმმა აქციაზე შეკრებილები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის წავლით გამოყენებით დაშალა.
  • დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მოქალაქეთა ნაწილმა დაკარგა თვალი.
  • მთავრობა ამტკიცებს, რომ შეკრებილები პარლამენტის შტურმით აღებას აპირებდნენ და მათ წინააღმდეგ გამოძიება ქონდა დაწყებული.