ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრაუზერი Internet Explorer კომპანია Microsoft-ის გადაწყვეტილებით 15 ივნისს ოფიციალურად გაუქმდა. ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ სამხრეთ კორეელმა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა ბრაუზერს საფლავის ქვა დაუდგა და მასთან ურთიერთობა ასე დაასრულა.

Internet Explorer-ის საფლავის ქვა ინჟინერს 330 დოლარი დაუჯდა, რომელზეც შემდეგ ტექსტი წერია: "ის ძალიან კარგი საშუალება იყო სხვა ბრაუზერების გადმოსაწერად". კორეელმა ინჟინერმა საფლავის ქვის ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, რომლებიც ვირუსულად გავრცელდა.

ინჟინრის თქმით, საფლავის ქვა ბრაუზერის მიმართ მის გრძნობებს კარგად აჩვენებს, რადგან მის ცხოვრებაში Internet Explorer-მა დიდი როლი ითამაშა. "მე ამას სიყვარულ-სიძულვილის ურთიერთობას ვუწოდებ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა Internet Explorer ყველაზე პოპულარული ბრაუზერი იყო", — განაცხადა ინჟინერმა.

ფოტო: Reuters

შეგახსენებთ, რომ Internet Explorer-ის გაუქმების გადაწყვეტილება 27-წლიანი მუშაობის შემდეგ მიიღეს. ეს ბრაუზერი პირველად ოპერაციულ სისტემაში Windows 95 გამოჩნდა და პოპულარობის მწვერვალს 2003 წელს მიაღწია. მას შემდეგ ბაზარს მძლავრი კონკურენტები შემოუერთდა, როგორიცაა Google Chrome, Safari და Mozilla Firefox.

კორეელი ინჟინრის თქმით, საფლავს ქვით ხალხის გაცინება სურდა, თუმცა მისი ხუმრობის ასეთ მასშტაბურ გავრცელებას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. "ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რისთვისაც Inetrnet Explorer-ს მადლობა მინდა გადავუხადო. მან საშუალება მომცა, რომ ჩემი ხუმრობით მსოფლიო გამეცინებინა", — ამბობს ინჟინერი.