მედიის ადვოკატირების კოალიცია აღნიშნავს, რომ TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა — კოალიცია ხელისუფლებისა და საგამოძიებო სამსახურების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო წლებში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

  • არასამთავრობო და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების რიტორიკა მედიაზე ძალადობას ახალისებს.

კოალიციამ ხელისუფლებას შეახსენა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა.

  • "დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას".
  • "მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა".

საქმე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

  • კოალიცია საგამოძიებოს მოუწოდებს, რომ პროცესები სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს, რათა შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.
  • მათი თქმით, გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას ახალისებს.