ჯიბაი სტარტაპია, რომელსაც ინოვაციური საფოსტო სისტემით და დაბალი დანახარჯებით, ევროპიდან ტანსაცმელი შემოაქვს. საიტი, რომელიც ქართულ ენაზეა და პროდუქციის ლარში შეძენის საშუალებას მოგცემთ, ერთ კვირაში გაეშვება.

gebuy.net ქართველების მიერ შექმნილი პირველი ონლაინ პლატფორმაა, ევროპული აუთლეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა აქსესუარების შესაძენად - ქალებისთვის, კაცებისთვის და ბავშვებისთვის.

სტარტაპის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ აუთლეტ პროდუქციის ჩამოტანასთან დაკავშირებული ხარჯები ახალი მიდგომით შეეცვალათ. მათ თავად შექმნეს ფოსტა, რომელსაც ასევე ჯიბაი ჰქვია, დაუკავშირდნენ მცირე მომწოდებლებს და ააგეს მარშრუტი საქართველომდე.

სტარტაპის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ თავიანთ სერვისში რამდენიმე ონლაინ მაღაზია მოათავსეს და შესაბამისად, შეამცირეს დანახარჯები და გაზარდეს სანდოობა, რადგან კომპანია სრულად აკონტროლებს პროდუქტის მოგზაურობას და იმავე საშუალებას მომხმარებელსაც აძლევს.

მომხმარებელს ისღა დარჩენია, რომ აირჩიოს სასურველი პროდუქტი, მონიშნოს ის, გადაიხადოს საფასური და 10 დღის შემდეგ მიიღოს ნივთი, სახლში მიტანით, ჯიბაის მიერ შეფუთული ყუთით.

გარდა ამისა, სტარტაპს აქვს რეფერალური სისტემა. მარტივი რეგისტრაციის შემდეგ თქვენ უნდა დააშეაროთ პროდუქციის ლინკი და როდესაც ვინმე ამ ლინკით პროდუქტს შეიძენს, მომხმარებელს ტრანზაქციის 5 პროცენტი ქეშად, მის პირად ანგარიშზე დაერიცხება, რომლის გადატანასაც ის შემდეგ თავის ბარათზე ან ბანკის ანგარიშზე შეძლებს.