კოსმოსური მისიებისა და კოსმოსური ტურიზმის სფეროს გააქტიურებას მთელი რიგი ახალი გამოწვევები ახლავს თან, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ასტრონავტებისა და კოსმოტურისტების ჯანმრთელობაა. კოსმოსში მოგზაურობა მთელი რიგი ახლებური დიაგნოზების მომავალს აყალიბებს და მიუხედავად იმისა, რომ დედამიწიდან გამგზავრებამდე ასტრონავტები ხანგრძლივ წვრთნებს გადიან, ჩვენი პლანეტის პირობებისგან განსხვავებულ გარემოში ყოფნა ადამიანის სხეულისთვის დიდ სტრესს წარმაოდგენს და ჯანმრთელობის სრულიად ახალი, განსხვავებული პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს.

ასტრონავტებისთვის კოსმოსური ხომალდი ტრანსპორტს, სახლს, ოფისს, კვლევით ლაბორატორიას და საავადმყოფოსაც აერთიანებს. კოსმოსური ჯანდაცვა დამოუკიდებელი სისტემა უნდა იყოს და ასტრონავტებს თავადვე უნდა შეეძლოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კოსმოსში ადამიანების ჯანმრთელობასა და პერფორმანსზე ზრუნვისთვის, NASA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, კოსმოსური ჯანმრთელობის ტრანსლაციური კვლევითი ცენტრი TRISH ახალ ტექნოლოგიებს, მიდგომებსა და სამკურნალო საშუალებებს ავითარებს, რომლებიც მეცნიერებს ამ მიმართულებით არსებულ თუ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს აქტიურ თანამშრომლობას აკადემიურ, არაკომერციულ, სამთავრობო, სამხედრო და საერთაშორისო ერთეულებს შორის, ინოვაციური გადაწყვეტების შექმნისთვის, რომელიც კოსმოსში ადამიანების ჯანმრთელობისა და პერფორმანსის რისკებს შეამცირებს.

კოსმოსურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით TRISH-ის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოსა და NASA Space App Challenge-ის ჟიურის ერთ-ერთ წევრს, არმენ ხერლოპიანს ვესაუბრე, რომელმაც აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები და სიახლეები გაგვიზიარა.

კოსმოსური ჯანდაცვა და TRISH-ის როლი მის გაუმჯობესებაში

არმენის თქმით, დღემდე კოსმოსში მხოლოდ 600-მდე ადამიანია ნამყოფი. მას ყველაზე მეტად იმის პერსპექტივა ახარებს, რომ ეს რიცხვი მომავალ რამდენიმე ათწლეულში, პოტენციურად, 10 000-ს ასცდება. TRISH კვლევითი ცენტრის NASA-სთან თანამშრომლობის მიზანი ასტრონავტების ჯანმრთელობისა და პერფორმანსის გაუმჯობესებაა, რასაც ასევე დადებითი გავლენა ექნება კოსმოტურისტების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე აქ, დედამიწაზე.

"კოსმოსურ ინოვაციებს აქვს პოტენციალი, ცხოვრების ხარისხი დედამიწაზეც გააუმჯობესოს. ცოტა ხნის წინ Stat News-ში TRISH-ის სამეცნიერო საბჭომ სტატიაც გამოვაქვეყნეთ იმის შესახებ, თუ რატომ არის თანამედროვე კოსმოსური რბოლა პროდუქტიული კოსმოსური ინოვაციების აქ, დედამიწის ხმელეთზე გამოყენებისთვისაც. მაგალითად, ჭკვიანი სისტემების გამოყენებით შესაძლებელი გახდება დიაგნოზის დასმის აჩქარება და შეკითხვების მიღება არსებით სამედიცინო შეკითხვებზე, ექიმების გარეშე".

ხერლოპიანის თქმით, ასტრონავტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მოიცავს როგორც მათთან ურთიერთობას, ასევე გარკვეული მონაცემების დამუშავებას. კოსმოსში გამგზავრებამდე თითქმის ყველა ასტრონავტი და კოსმოსური ტურისტი აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ ცენტრმა მათი ჯანმრთელობის მონაცემები გააანალიზოს, ამას კი ასტრონავტსა და კვლევით გუნდს შორის ნდობის ჩამოყალიბება სჭირდება.

"კოსმოსში ყოფნის დროს ამ ადამიანებისგან ძალიან შორს ვართ. მათი განრიგი გაფრენამდე, ფრენის დროს თუ ფრენის შემდეგ ძალიან დატვირთულია, აქედან გამომდინარე, მისიის დაწყებამდე მათი ჯანმრთელობის მონაცემები უნდა შეგროვდეს და დეტალურად შემოწმდეს. მონაცემების მოსაპოვებლად TRISH ტექ კომპანია TrialX-თან თანამშრომლობს, რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს, მათ ჯანმრთელობის პრობლემასთან შესაბამის კლინიკურ კვლევებს გაეცნონ და მკვლევრებს დაუკავშირდნენ".

კოსმოსური ჯანმრთელობის გამოწვევები

როგორც არმენი გვიყვება, აღნიშნული სფერო ხუთი მთავარი საფრთხის წინაშე დგას, რომლებსაც RIDGE-ით მოიხსენიებენ. ესენია რადიაცია, იზოლაცია, მანძილი, გრავიტაცია და გარემო. აღნიშნული პრობლემები დედამიწაზე არსებული გამოწვევების ექსტრემალური ვერსიებია. მაგალითად, მარსსა ან მთვარეზე სამედიცინო დახმარების დისტანციურად მიღება ტელემედიცინის დარგის საკითხია, თუმცა გაცილებით შორ მანძილებზე.

"მომავალში კოსმოსურ ჰაბიტატებზე სიცოცხლის მხარდაჭერის საშუალებები, შესაძლოა, დედამიწაზეც გამოვიყენოთ რესურსების მოპოვებისა და მათი დაზოგვის საქმეში. თუ თქვენი სახლი ისევე ეფექტიანად მოიხმარს წყალს, ჰაერსა და ენერგიას, როგორც ეს კოსმოსურ მოდულებშია, ეს დედამიწაზე მდგრადი მომავლის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება".

ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, როგორც თანამედროვე სამედიცინო იარაღი

იქნება ეს კოსმოსური ჯანდაცვისა თუ ფინანსური ტექნოლოგიები, მათ მთავარ საყრდენს ხელოვნური ინტელექტი, კერძოდ კი ნიმუშის ამოცნობის უნარები წარმოადგენს.

"როგორც BAJ აქსელერატორის თანადამფუძნებელი და Covenant Venture Capital-ის მეცნიერებისა და ინოვაციების აღმასრულებელი დირექტორი, კოლეგებთან ერთად ხშირად ვხედავ ისეთ სტარტაპებს, რომლებიც, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მონაცემებიდან მათთვის საჭირო შეფასებებისა და შინააარსის მიღებას ცდილობენ. მაგალითად, რისკების დასაფიქსირებლად Scylla და manot ხელოვნური ინტელექტის არსებითად მნიშვნელოვან ნაწილს — კომპიუტერულ მხედველობას იყენებენ".

ბოლოს კი, არმენს ისიც ვკითხეთ, თუ როგორ სტარტაპებს ანიჭებს უპირატესობას. როგორც მეცნიერი, რომელსაც ტექნოლოგიური ინოვაციები ბუნებრივად იზიდავს, თუმცა ასევე სამეცნიერო დირექტორად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ფიქრობს, რომ სტარტაპის წარმატებას ყველაზე მეტად გუნდური მუშაობა განსაზღვრავს.

"კარგ დამფუძნებელ გუნდს შეუძლია, რაიმე ძლიერი ტექნოლოგიის გამოყენებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინოვაციები შექმნას, მოუმზადებელმა გუნდმა კი, შესაძლოა, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას. აქედან გამომდინარე, მეტ ყურადღებას ვაქცევ როგორც ინოვაციურ ტექნოლოგიების ინტეგრირებას სტარტაპის საქმიანობაში, ასევე დამფუძნებელთა გუნდსაც. მაინტერესებს, რა მიზნით აარსებენ სტარტაპს, შეუძლიათ თუ არა თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების რაიმეთი შთაგონება, არიან თუ არა მზად იმ რთული გზის გასავლელად, რომელიც წინ ელოდებათ და ა.შ."

არმენის თქმით, ასეთ საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევენ ანგელოზ ინვესტორთა ისეთი ჯგუფებიც, როგორებიც AICA (სომხეთის ანგელოზ ინვესტორთა ჯგუფი) და Axel-ია (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი). ჯგუფურად მუშაობის დროს ინვესტორები ახალ წამოწყებას სხვადასხვა კუთხით განიხილავენ და "და სწორედ დღეს, საინტერესო ხედვების საფუძველზე განხორციელებული ინვესტიციები გახდება ის მნიშვნელოვანი რამ, რაც მომავალში კოსმოსზე წვდომის გაზრდაში დაგვეხმარება".

NASA-ს გლობალური პრობლემების გადაჭრაში შენც შეგიძლია დაეხმარო. წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს 200-ზე მეტი წერტილსა და საქართველოშიც ტარდება გამოწვევა, რომელიც NASA-მდე მიგიყვანს. ჩვენთან NASA Space Apps Challenge ქუთაისში ტარდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ტექნოლლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. ეს ჰაკათონი შანსია, რომ NASA შენი იდეით/პროდუქტით დააინტერესო.