ბოლოდროინდელი ცნობების შემდეგ იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი აცხადებს, რომ ყოყმანის დრო აღარაა და პარტნიორებს მხარდაჭერა სჭირდებათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სტრატეგიული მიზანია, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი აქტუალური გახადა იმაზე საუბარი, რომ ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველოს სტატუსის მიღების ყველაზე ნაკლები შანსი აქვს.

  • მოსაზრებას არ ეთანხმებიან საქართველოს მთავრობაში და ამბობენ, რომ ჯერ საქართველო, შემდეგ უკრაინა და მოლდოვა იმსახურებენ სტატუსს.

რას ამბობენ სხვა ევროპელი ლიდერები: ევროპის სამი მთავარი მოთამაშე — საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რომელთა ლიდერებიც დღეს უკრაინაში იყვნენ ჩასული, ღიად უცხადებენ ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს, თუმცა არ საუბრობენ საქართველოზე.

  • მაკრონმა, უკრაინასთან ერთად "მკაფიო და პოზიტიურ" სიგნალებზე საუბრისას მოლდოვაც მოიხსენია, საქართველოზე კი თქვა, რომ გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა.
  • გერმანიის კანცლერის თქმით, ქვეყანა უკრაინის სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილების მომხრეა და ეს, ასევე, ეხება მოლდოვის რესპუბლიკასაც.

კონტექსტი: 9 ივნისს ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია გამოქვეყნდა, სადაც მედიაგარემოსა და მთავრობის დამოკიდებულებაზე ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს;

  • იმავე დღეს ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირს ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოზე მუშაობისკენ მოუწოდებენ.
  • ამას საერთაშორისო მედიებში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციები მოყვა, სადაც საქართველოს შესახებ განსხვავებული მოსაზრებები იკვეთება.