სიეტლის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გამოსაშვებ ღონისძიებაზე, დიპლომების მიღებისას, სასწავლებლის რექტორს ხელის ჩამორთმევის ნაცვლად ლგბტქ დროშები გადასცეს. კურსდამთავრებულებმა სწორედ ასე გააპროტესტეს დაწესებულების დისკრიმინაციული პოლიტიკა.

50-მდე სტუდენტი, რომელიც ცერემონიაზე მივიდა, სასწავლებლის ხელმძღვანელობის იმ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდა, რომელიც უნივერსიტეტში ლგბტქ ადამიანების დასაქმებას კრძალავს.

"ეს ყველაფერი, უბრალოდ, სტუდენტებს შორის საუბრით დაიწყო: რომ არ გვინდოდა, რექტორისთვის გამოსაშვებზე ხელი ჩამოგვერთვა", — ამბობს იდეის ავტორი ქლოი გილო, — "ამიტომ, იმაზე დავფიქრდით, სანაცვლოდ რა გაგვეკეთებინა. მერე კი აზრი დაგვებადა, მისთვის პრაიდის დროშა გვეჩუქებინა".

გილომ, რომელიც უნივერსიტეტში დაბრუნებას აპირებს, სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პირდაპირ უთხრა, რომ "არ გაჩერდებიან, სანამ პოლიტიკა არ შეიცვლება".

@news.com.au Love this 🏳️‍🌈👏🏼🎓 The growing movement has been protesting the private Christian school’s ban on same-sex relationships among staff and professors. One of the students reportedly gave the president a handwritten note telling him to resign. 💥 #graduation #seattle #pride #pridemonth #lgbtq ♬ sonido original - CLIVER 🌹🦋

სასწავლებლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ უნივერსიტეტი მეთოდისტურ ეკლესიასთან დაკავშირებული რელიგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ფლობს უფლებას, თანამშრომლები რწმენის პრეფერენციის საფუძველზე აიყვანოს. თუმცა, სიტუაცია სასწავლებელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე კვირის წინ, უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებულებაში ჰომოსექსუალური ან ქორწინებაგარეშე სქესობრივი ურთიერთობის მქონე პირების დასაქმება აიკრძალა.

საბჭოს თავჯდომარის განცხადებით, მართალია, გადაწყვეტილებას საპროტესტო რეაქცია მოჰყვა, ის მაინც უნივერსიტეტის მისიისა და რწმენის ერთგულია.

თუმცა, მისიასა და რწმენასთან თანხვედრილი გადაწყვეტილება სტუდენტების ნაწილისთვის იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ თავიანთი პროტესტის გამოხატვა ღიად და ყველასთვის დასანახად მოისურვეს.

"არ შეიძლებოდა, [გამოსაშვებზე] ჩვენ ჩუმად ვყოფილიყავით", — აცხადებს საპროტესტო ქმედების კიდევ ერთი ინიციატორი, პამელა სტიბორსკი.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, პიტ მენხარესის თქმით, გამოსაშვების დღე შესანიშნავად აღნიშნეს კურსდამთავრებულებთან ერთად.

"მათ, ვინც დრო გამონახა და დროშა გადმომცა, მაჩვენეს, რას გრძნობენ. მე კი მათ ხედვას პატივს ვცემ", — ამატებს იგი.

უნივერსიტეტის სტუდენტები კი პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. მათ ჯერ კიდევ წინა თვეში მიმართეს სხვადასხვა ზომას, მათ შორის, რექტორის ოფისის წინ მჯდომარე აქციას, რასაც განგრძობითი ხასიათი ექნება.