მარკ ცუკერბერგი და Meta-ს სხვა წარმომადგენლები ბოლო დროს უკვე გარკვევით მიგვანიშნებენ, რომ მათთვის ამჟამად პრიორიტეტული TikTok-ისათვის კონკურენციის გაწევაა. ამჯერად Facebook აპლიკაციაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.

სოციალური ქსელი მთავარ Feed-ში მნიშვნელოვან ცვლილებებზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც უფრო ხშირად ვიხილავთ იმ გვერდების, კრეატორებისა და ადამიანების რეკომენდებულ შიგთავსს, რომელთა მიმდევრებიც არ ვართ. ამის შესახებ Facebook აპლიკაციის მმართველის, ტომ ელისონის, წერილობითი მოხსენებიდან ვიგებთ.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიზანი ფეისბუკის "Discovery Engine-ში" მოქცევაა, რომელიც, TikTok-ის For You ზოლის მსგავსად, რეკომენდაციებს ინტენსიურად დაეყრდნობა.

რეკომენდაციები უმეტესად "ურთიერთდაუკავშირებელი" შიგთავსიდან წამოვა, მათ შორის Reels-ებიდან, მომხმარებლები კი სიახლეების ზოლზე მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან შედარებით ნაკლებ პოსტს შეხვდებიან. გეგმის ფარგლებში Messenger-ის ე.წ. "ინბოქსი" Facebook აპლიკაციაში დაბრუნდება, რათა ადამიანებს "Discovery Engine-იდან" მეტი შიგთავსის გაზიარებისკენ უბიძგონ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება კომპანიას ზემოხსენებული ცვლილებების განსახორციელებლად, თუმცა Meta-ს წარმომადგენლებმა აქამდეც არაერთხელ შეგვახსენეს, რომ Facebook-ს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის, რომელთა ფარგლებში სიახლეების ზოლის დინამიკა შეიცვლება და მომხმარებლებთან ხელოვნური ინტელექტით მართული რეკომენდაციები გამოიკვეთება.

უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა, ახალ რეჟიმზე გადართვა კომპანიისათვის მეტად პრობლემურიც აღმოჩნდეს, რადგან რეკომენდაციებთან დაკავშირებულ Facebook ალგორითმებს განხეთქილების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებასა და დეზინფორმაციის წახალისებაში უკვე ადანაშაულებენ. მართალია, The Verge-თან საუბრისას ელისონმა განაცხადა, რომ რეკომენდებული შიგთავსის კუთხით მეტ სიმკაცრეს გამოიჩენენ, თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კომპანიას საკუთარი წესების პრაქტიკაში გატარება ხშირად უჭირს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.