ამბერ ჰერდის თქმით, მას ეშინია, რომ ჯონი დეპმა ისევ არ უჩივლოს. ამის შესახებ მსახიობმა სასამართლო პროცესის შემდეგ NBC-ის ინტერვიუში ისაუბრა. ამბერ ჰერდმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიუხედავად სასამართლო პროცესზე განვითარებული მოვლენებისა, მას ჯონი დეპი ისევ უყვარს.

"მე ის მიყვარს და ყოველთვის მთელი გულით მიყვარდა. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ განადგურებული ურთიერთობა აღმედგინა, მაგრამ ეს ვერ შევძელი. მის მიმართ უარყოფითი გრძნობები და განზრახვები არ მამოძრავებს. ვიცი, რომ ეს რთული გასაგები შეიძლება იყოს, თუმცა ის ადამიანები გამიგებენ, რომლებსაც ოდესმე ვინმე ჰყვარებიათ", — ამბობს ამბერ ჰერდი.

ამბერ ჰერდის თქმით, სოციალურმა მედიამ უარყოფითი როლი ითამაშა სასამართლო პროცესის მსვლელობისას. მან გაიხსენა ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯონი დეპის გულშემატკივრებს მის მიმართ ჰქონდათ. ჟურნალისტმა ამბერ ჰერდს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ჯონი დეპის სიტყვების შესახებ, როცა ყოფილმა ქმარმა მას "საყოველთაო დამცირებას" დაჰპირდა.

"მე არ ვარ კარგი მსხვერპლი და ეს მესმის. ვიცი, რომ არც მოსაწონი და არც იდეალური მსხვერპლი არ ვარ, მაგრამ როცა ნაფიც მსაჯულებთან ჩვენება მივეცი, ვთხოვე, რომ მათ ეს დაენახათ და ჯონი დეპის სიტყვებისთვისაც მოესმინათ, რომელიც ამის პირობას იძლეოდა", — დასძინა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ჯონი დეპმა ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $10,4 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა.

ამბერ ჰერდის თქმით, ადრე ფიქრობდა, რომ ლაპარაკი მისი უფლება იყო, თუმცა პროცესის შემდეგ თითოეულ სიტყვაზე ნერვიულობს. "მე ყველაფრის გაკეთების მეშინია, არ აქვს მნიშვნელობა, რას ვამბობ ან როგორ ვამბობ, რადგან ყოველი გადადგმული ნაბიჯი გაჩუმებისკენ მიბიძგებს. ვფიქრობ, რომ ცილისწამების პროცესის მთავარი მიზანი ის არის, რომ ხმის ამოღების შესაძლებლობა წაგართვას", — განაცხადა მსახიობმა და დასძინა, რომ არ გამორიცხავს ყოფილმა ქმარმა მომავალში ისევ უჩივლოს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამბერ ჰერდი აპირებს, რომ მთელი თავისი ყურადღება 1 წლის შვილსა და კარიერას დაუთმოს. შეგახსენებთ, რომ Aquaman-ის პრემიერია, რომელშიც ამბერ ჰერდი მონაწილეობს, 2023 წლის 17 მარტს იგეგმება.