ჰაერის უკანასკნელ მბრძანებელ აანგზე კინოსტუდიები Paramount და Nickelodeon სამ ანიმაციურ ფილმს გადაიღებენ.

ფილმები Nickelodeon-ის პოპულარულ ანიმაციურ სერიალს დაეფუძნება, რომელიც 2005 წლიდან 2008 წლამდე გადიოდა ტელეეკრანებზე. ამასთან, პროექტს კავშირი ექნება ავატარის სპინ-ოფ სერიალთან — ლეგენდა კორაზე — და ნეტფლიქსის სრულმეტრაჟიან ფილმთან, რომელიც მალე გამოვა.

ტრილოგია კი სამ დამოუკიდებელ ფილმს გააერთიანებს. სიუჟეტის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, ვინ იმუშავებს პროექტზე. პირველი ფილმის რეჟისორი ლორენ მონტგომერი იქნება, რომელიც წინათ ანიმაციურ სერიალზეც მუშაობდა. ვიცით ისიც, რომ ფილმების პროდიუსერები სერიალის შემქმნელები — ბრაიან კონიეცკო და მაიკლ დიმარტინო — იქნებიან, ერიკ კოულმენთან ერთად.

ფოტო: Nickelodeon

არაერთი ჯილდოს მფლობელი ორიგინალური სერიალი, რომელმაც სამი სეზონი მოიცვა, დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო ანიმაციად. პროექტი მალევე იქცა ფრენჩაიზად და სერიალთან ერთად კომიქსები, წიგნები და უკვე ფილმებიც გააერთიანა.