კრის ევანსი ყველა იმ ადამიანს ეწინააღმდეგება, ვინც ფილმ Lightyear-ს გეი კოცნის გამო აკრიტიკებს. შეგახსენებთ, რომ პიქსარისა და დისნეის ანიმაციურ ფილმში Lightyear გეი კოცნის სცენამ ცოტა ხნის წინ დიდი განხილვა გამოიწვია და რამდენიმე ქვეყანაში მისი ჩვენება აიკრძალა კიდეც.

კრის ევანსის თქმით, მაყურებლები, რომლებიც ტელეეკრანებზე მრავალფეროვნების წარმოჩენას ეწინააღმდეგებიან, "იდიოტები არიან და დინოზავრების მსგავსად გადაშენდებიან". მსახიობის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ტოქსიკურ მაყურებელსა და მათ კრიტიკას ყურადღება არ მივაქციოთ.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დისნეიმ ლესბოსელი წყვილის კოცნის სცენა ამოჭრა, რაც პიქსარის გუნდმა ღია წერილით გააპროტესტა. ამან საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რის შემდეგაც დისნეიმ ანიმაციაში სცენა დააბრუნა.

ფოტო: Getty Images

"ყოველ ჯერზე, როცა ვიღვიძებთ, სოციალური წინსვლა გვაქვს და სწორედ ეს არის ამერიკის ისტორიაც. კაცობრიობის ისტორია მუდმივი სოციალური გამოღვიძება და პროგრესია, რაც ადამიანებად გვაქცევს. თუმცა ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მომავლის შიში აქვთ და იმის შენარჩუნებას ცდილობენ, რაც ადრე იყო. ეს ხალხი დინოზავრებივით გადაშენდებიან. ვფიქრობ, რომ მათ თავი უნდა დავანებოთ და წინ ვიაროთ, რადგან სწორედ ეს პროგრესი გვაქცევს ადამიანებად", — განაცხადა კრის ევანსმა.

კრის ევანსი ფილმში კოცნის სცენის დაბრუნებასაც გამოეხმაურა. "კარგი და შესანიშნავია ამბავია, ძალიან მახარებს. თუმცა, რთულია, ცოტათი მაინც არ განაწყენდე, რომ ეს საერთოდ განხილვის თემად იქცა", — დასძინა მსახიობმა.

მსახიობის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ ასეთი ფილმის ნაწილია, თუმცა სამწუხაროა, რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმას ამდენი დრო დასჭირდა. რაც შეეხება Lightyear-ის პრემიერას, ანიმაციური ფილმი ამერიკის კინოთეატრებში 17 ივნისს გამოვა, საქართველოში კი ივლისის დასაწყისში უნდა ველოდოთ.