კანდიდატის სტატუსის შესახებ სამი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვა და უკრაინა ერთად მოიხსენია — საქართველო ამჯერადაც გამიჯნული აღმოჩნდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აქტუალური გახადა იმაზე საუბარი, რომ ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველოს სტატუსის მიღების ყველაზე ნაკლები შანსი აქვს.

  • ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან საქართველოს მთავრობაში და ამბობენ, რომ ჯერ საქართველო, შემდეგ უკრაინა და მოლდოვა იმსახურებენ სტატუსს.

მაკრონს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, დღეს მკაფიო და პოზიტიური სიგნალების გაგზავნა, თუმცა ამას მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაზე ამბობს.

  • "არ ვფიქრობ, რომ პერსპექტივაში, რომელსაც ვიძლევით, შეიძლება მოლდოვა უკრაინისგან გამოვყოთ";
  • "იმ მომენტში ვართ, როცა საჭიროა, რომ ჩვენ, ევროპელებმა მკაფიო პოლიტიკური სიგნალი გავუგზავნოთ უკრაინას".

რაც შეეხება საქართველოს, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა "გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა".

რა ხდებოდა მანამდე: ევროკავშირმა მალე სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელოს, თუმცა რამდენიმე დღეა, საქართველოს მიმართ კითხვის ნიშნები დაისვა.

  • 9 ივნისს იყო ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია, სადაც მედიაგარემოსა და მთავრობის დამოკიდებულებაზე ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს;
  • იმავე დღეს ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირს ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოზე მუშაობისკენ მოუწოდებენ.
  • ამას საერთაშორისო მედიებში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციები მოყვა, სადაც საქართველოს შესახებ განსხვავებული მოსაზრებები იკვეთება.