აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა ომის დაწყების პირველივე დღიდან ითხოვს მეტ იარაღს საკუთარი ტერიტორიისა და მოსახლეობის დასაცავად.

  • ზელენსკის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა კვლავ ძალიან რთულია.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსული და უკრაინული არტილერიის თანაფარდობა ზოგიერთ არეალში ათი ერთზეა.

ბაიდენი ამბობს, რომ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა.

  • "აშშ უკრაინის დემოკრატიას იცავს და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს".

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მუშაობენ, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის მოთხოვნები.

  • ბრიუსელში უკრაინის დახმარების მიზნით, რამშტაინის ბაზაზე თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. სწორედ ამ შეხვედრას ხელმძღვანელობს ლოიდ ოსტინი.

დეტალები: CNN პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პაკეტი დამატებით საარტილერიო და სანაპირო თავდაცვის ტექნიკას მოიცავს.

  • 18 155 მმ ჰაუბიცა, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის 36000 ტყვია, 18 ტაქტიკური მანქანა ჰაუბიცების ასაზიდად;
  • დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის;
  • ოთხი ტაქტიკური მანქანა აღჭურვილობის აღსადგენად, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.
  • ორი Harpoon სანაპირო თავდაცვის სისტემა, ათასობით რადიო, ათასობით ღამის ხედვის მოწყობილობა, თერმული სამიზნეები და სხვა ტექნიკა.

არქივიდან: 9 მაისს ჯო ბაიდენმა უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტს ხელი მოაწერა. რითაც ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალება აქვს, უკრაინას შეიარაღება და სხვა მარაგები უფრო მარტივად და სწრაფად მიაწოდოს.

  • ამჟამად შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 6,3 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.
  • აქედან 5,6 მილიარდი დოლარი 24 თებერვლის შემდეგ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს რომ ქვეყანამ მიიღო სამხედრო დახმარების იმის მხოლოდ 10 პროცენტი, რაც დასავლეთისგან მოითხოვეს.

  • "რაც არ უნდა ვიმუშაოთ, რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს ჩვენი არმია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარების გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებს ამ ომის მოგებას".