ცოტა ხნის წინ იაპონიაში ონლაინ სივრცეში შეურაცხყოფის მიყენებისთვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ თავისუფლების აღკვეთა დაწესდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი რეალითი შოუს იაპონელი მონაწილე, ჰანა კიმურა გახდა, რომელმაც კიბერბულინგის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საკანონმდებლო ცვლილება ძალაში ზაფხულის ბოლოს შევა. ინტერნეტში შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში დამნაშავე ან $2 200-ით დაჯარიმდება ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება. ცვლილებამდე პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30 დღე იყო, ჯარიმა კი — $75.

საკანონმდებლო ცვლილებას ბევრი მომხრე და ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მომხრეები თვლიან, რომ კიბერბულინგის შემთხვევების მატებასთან სხვა გზით გამკლავება შეუძლებელია. მოწინააღმდეგეები კი საკანონმდებლო ცვლილებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. საბოლოოდ, ინიციატივა მას შემდეგ მიიღეს, რაც განისაზღვრა, რომ კანონი 3 წლის შემდეგ გადაისინჯება.

იაპონიის კანონმდებლობით შეურაცხყოფად კონკრეტული ფაქტებისა და ქმედებების მითითების გარეშე კონკრეტული პირის საჯაროდ დამცირება მიიჩნევა. შეურაცხყოფა რეპუტაციის შელახვისგან განსხვავებულია — ამ უკანასკნელის შემთხვევაში პირი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს. ორივე ქმედება კანონით დასჯადია.

ჯერჯერობით არაა კონკრეტული ჩამონათვალი თუ სახელმძღვანელო პრინციპი, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება, თუ რა მიიჩნევა შეურაცხყოფად და რა — არა.

"უნდა არსებობდეს დირექტივა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა არის შეურაცხყოფა და რა — არა. მაგალითად, თუ ვინმე იაპონიის ლიდერს იდიოტს უწოდებს, შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებით ეს შეურაცხყოფად მიიჩნიონ", — ამბობს იაპონიაში მომუშავე ადვოკატი სეიჰო ჩო.