ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯონი დეპის წინააღმდეგ სასამართლოს წაგების შემდეგ ამბერ ჰერდი აკვამენიდან ამოჭრეს. ინფორმაცია ყვითელ ვებსაიტზე, სახელად Just Jared-ზე გამოქვეყნდა. Just Jared უცნობ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აკვამენის მეორე ნაწილში ამბერ ჰერდის შემცვლელს ეძებდნენ.

"ჭორების ქარხანა პირველივე დღიდან არასწორი, უგრძნობელი და ცოტა გიჟურიცაა", — უარყო ამბერის წარმომადგენელმა გავრცელებული ინფორმაცია.

Just Jared-მა მოგვიანებით ამბავი შეცვალა და დაწერა, რომ ამბერს ფილმში პატარა როლი რჩებოდა, თუმცა მის პერსონაჟს სხვა მსახიობი განასახიერებდა.

სასამართლო პროცესზე ამბერ ჰერდმა განაცხადა, რომ ჯონი დეპთან დაპირისპირების შემდეგ როლის შესანარჩუნებლად გამუდმებით ბრძოლა უწევდა. მან ისიც აღნიშნა, რომ სცენარიდან მისი პერსონაჟის გარკვეული სცენები ამოჭრეს.

DC-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ეტაპზე ჰერდის ჩანაცვლება მართლაც განიხილებოდა, თუმცა ამის მიზეზი არა სასამართლო პროცესი, არამედ ჯეისონ მომოასა და ამბერ ჰერდს შორის ქიმიის ნაკლებობა იყო.

ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.

2022 წლის პირველ ივნისს სასამართლომ გადაწყვეტილება ჯონი დეპის სასარგებლოდ გამოიტანა და ამბერ ჰერდს $10,4 მილიონის გადახდა დააკისრა. ამბერ ჰერდი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.