თავდაპირველად აქცია მოძრაობა სირცხვილიამ დააანონსა. აქტივისტებმა თქვეს, რომ 20 ივნისს ტრადიციულად პარლამენტთან შეიკრიბებოდნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადავიდოდნენ. შეკრებილებს სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ. სირცხვილია 20 ივნისს აქციებს გავრილობის ღამის შემდეგ მართავს.

ძალადობრივი ჯგუფები სამოქალაქო აქტივისტებს კონტრაქციით დაემუქრნენ, თუმცა, ამტკიცებენ, თითქოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ "დაძაბულობა იქნება".

ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ შეკრება დააანონსა ბრიუსელიდან დაბრუნებულმა სალომე ზურაბიშვილმაც — ოღონდ 16 ივნისს. პრეზიდენტის რანგში ყოფნისას, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი ინიციატივით გამოდის.

მან აქტივისტებს აქციის გადადება ურჩია, მიზეზად კი "ბევრი საფრთხე" დაასახელა. ზურაბიშვილმა, ასევე, დასძინა, რომ ახლა "პოლიტიკური ამბიციების გამოჩენისა და საზოგადოების დაყოფისა და გახლეჩის დრო არ არის", ეს მაშინ, როცა ალტერნატიული შეკრების იდეა თავადვე გააჟღერა.

პრეზიდენტს სურს, 16 ივნისს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რიყის პარკში მივიდნენ და ევროპას მოსახლეობის არჩევანი აჩვენონ, თუმცა არ სურს, იგივე გააკეთონ 20 ივნისს.

ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს განცხადებულ ან რეალურ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და დაპირისპირება. ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე

სალომე ზურაბიშვილი

ამ განცხადების შემდეგ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ჯგუფები არჩევანის წინაშე დადგნენ. გაჩნდა კითხვა — ვინ სად მიდის? ნაწილმა ამ კითხვას უკვე უპასუხა, ნაწილი კი ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.

სად მიდიან პოლიტიკოსები

  • ქართული ოცნება ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელ რიტორიკას არ ღალატობს და პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს — არ უერთდებიან დაანონსებულ აქციასაც. კობახიძემ გუშინ ინიციატივას მოუმზადებელი უწოდა, თუმცა დღეს უკვე გადაჭრით თქვა, რომ მისვლას არ აპირებენ.
  • ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია 20 ივნისის აქციას უერთდება და ამბობს, რომ "ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა".
  • მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მისვლას 16 და 20 ივნისსაც აპირებს.
  • ორივე აქციაზე მიდის ლელოც.
  • გახარიას პარტია კვლავ "ნეიტრალური მოთამაშის როლში" რჩება და არცერთ შეკრებას არ უერთდება, თუმცა 20 ივნისის აქციაზე მას არც არავინ ელის.
  • "ვინც დაიჯერეთ რომ 17-ში წყდება ამბავი, ამიტომ 16-ში შეგვიძლია ვუშველოთ, 20-ს უკვე აზრი აღარ აქვს, გა*ლევებენ ხალხო, თან ყველა პუნქტში" — ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
  • ევროპული საქართველო ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე არ მიდის და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის განცხადება 20 ივნისის, როგორც ისტორიული მნიშვნელოვანი თარიღის როლს ამცირებს.
  • ამასობაში, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო რაქვიაშვილი აქციის 18 ივნისს გამართვის ინიციტივით გამოვიდა.
  • დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისი საქმე არ არის, ვინ რომელ აქციაზე წავა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ასეთი მნიშვნელოვანი თარიღისთვის ემზადება, პრეზიდენტის ინიციატივა არა გაერთიანებას, არამედ გახლეჩას ემსახურება — ისიც აქციას 20 ივნისს უერთდება.
  • ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე წერს, რომ საკითხზე აზრს პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ეკითხებიან და "ხალხი რასაც დაუკვეთავს" იმას გააკეთებენ.

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, პრეზიდენტის დააანონსებულ აქციას უერთდება. მისი თქმით, შეკრებაზე მიდის, რადგან ევროპის მიმართ მოქალაქეების პოზიციის გამოხატვის მოწმე გახდეს. ამავე აქციას უერთდება საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასიც.

რას აპირებს სამოქალაქო საზოგადოება

"არა და არასდროს", — ასე, თავისივე ციტატით უპასუხა სირცხვილიამ ზურაბიშვილის რჩევას 20 ივნისის აქციის გადადებაზე. ისინი იღებენ პრეზიდენტის მიწვევას 16 ივნისის შეკრებაზე და სთავაზობენ, თავადაც მივიდეს 20-ში.

სოციალურ ქსელში მომხარებელთა ნაწილი წერს, რომ პრეზიდენტის იდეა საზოგადოებას არათუ აერთიანებს, არამედ ყოფს და მისვლას მხოლოდ 20 ივნისს აპირებენ. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ 16 ივნისს, ევროკომიის რეკომენდაციის გაჟღერებამდე შეკრება საჭიროა.

"16 ივნისს ვუყურებ ნეტფლიქსს! 20 ივნისს რუსთაველზე", — ასე ეხმაურება საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი ზურაბიშვილის ინიციატივას. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ახლა სხვადასხვა საკითხის გარშემო საზოგადოების დაყოფის დრო არ არის. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, მივიდნენ ყველგან, სადაც ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნა იქნება.

ზურაბიშვილის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, რეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ქართველი ხალხის და 20 ივნისის დიდი იმედი აქვს. მისი სიტყვებით, "ეს უნდა იყოს დიდი დღე, დღე, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს საერთო ძარღვებში სისხლი არ დამშრალა!"

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავაც აქციაზე წასვლას 20 ივნისს გეგმავს და ამბობს:

"ქართველებმა რომ იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის, ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის, ყველა წამოვიდოდა 20 ივნისს".