პრეზიდენტის პასუხად სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ 20 ივნისის შეკრება არ გაუქმდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დაესწროს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს შეკრება "ბევრ საფრთხეს უკავშირდება" და თუ ორგანიზატორები დაფიქრდებიან, შესაძლოა, გადაიდოს.

  • მან 16 ივნისს ალტერნატიული შეხვედრა დააანონსა და მოუწოდა ხალხს, ევროპის მოედანზე მივიდნენ და იქ დააფიქსირონ ევროპული არჩევანი.
  • 20 ივნისის აქციები გავრილოვის ღამის შემდეგ ყოველწლიურად იმართება — წელსაც მოქალაქეები აპირებენ, მასობრივი შეკრებით აჩვენონ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი.

რას ამბობს სირცხვილია: აქტივისტების განცხადებით, წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ალტერნატიულ აქციას ნიშნავს.

  • "არა და არასოდეს!" — ასე, მისივე სიტყვების ციტირებით მიიღო ზურაბიშვილმა სირცხვილიასგან უარი აქციის გაუქმებაზე.
  • "ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ" — აცხადებენ აქტივისტები.

რა თქვა ზურაბიშვილმა: პრეზიდენტმა განმარტა, რომ 16 ივნიის შეკრებაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის ტრიბუნა არ იქნება და ყველა მივა, როგორც რიგითი მოქალაქე. მან ევროკავშირის ელჩი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოპოზიციია და მთავრობა მიიწვია.

  • "ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს განცხადებულ ან რეალურ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და დაპირისპირება".
  • ზურაბიშვილმა 20 ივნისის აქციაზე საუბრისას განახადა, რომ ახლა არ არის "დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის, გახლეჩის".
  • მანვე აღნიშნა, რომ თუ აქცია მაინც გაიმართება, დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ყველა ექსცესი მისი პასუხისმგებლობაა.

რა იგეგმება 20 ივნისს: სირცხვილიას და სხვა სამოქალაქო ჯგუფების ორგანიზებით, საღამოს 8 საათზე მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტთან, რის შემდეგაც მსვლელობით წავლენ ევროპის მოედნისკენ.

  • შეკრებილებს მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
  • პარალელურად, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციით იმუქრებიან, თუმცა ამტკიცებენ, თითქოს შორიახლოს იქნებიან და მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან, თუ "დაძაბულობა იქნება".

რას ამბობდა მთავრობა: პრემიერმინისტრმა ტრადიციული რიტორიკით აღნიშნა, თითქოს აქციას ნაციონალური მოძრაობა მართავს და ამით დისკრედიტაცია სცადა. მანვე განაცხადა, რომ მთავრობა "კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით" დაიცავს მშვიდობას და სტაბილურობას.

  • "მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრებო, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ".