თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების მთავარ მოთხოვნას — გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩანიშნვას არ თანხმდება, მათ რექტორატის დატოვებისა და მოლაპარაკების ფორმატზე გადასვლისკენ მოუწოდებს. თსუ აცხადებს, რომ სტუდენტებს პროტესტის "კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა" შესთავაზეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თსუ-ის სტუდენტები სწავლის აუდიტორიაში დაწყებას აპროტესტებენ და სემესტრის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ.

  • მათი თქმით, ამ დროით ბინის დაქირავება არ შეუძლიათ და სამსახურის დაკარგვის საფრთხე ექმნებათ.

დეტალები: დღეს, 14 ივნისს თსუ-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პატივს სცემენ გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის.

  • "სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორებსა და საგამოცდო ცენტრებში";
  • "ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას".

რა ხდებოდა მანამდე: 10 ივნისს სტუდენტთა ნაწილმა რექტორის კაბინეტი დაიკავა. თსუ-მ განაცხადა, სტუდენტთა პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა.

  • მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირს ლექტორი გაჰყავს;
  • მოგვიანებით ამ ფაქტს თავად სტუდენტები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ეს ფორმა "გადაცდომა" იყო და მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა.