გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, მამის დღე საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში, რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა.

"მოხარული ვართ, რომ მამის დღე უკვე ტრადიციად იქცა და მას მამები და შვილები, ოჯახები, ერთად აღნიშნავენ. მამის დღის ინიცირებით, გვინდა, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდაში, მათ ცხოვრებაში მამების ჩართულობა, თანასწორი მშობლობა და პარტნიორობა, რადგან გენდერული თანასწორობის მიღწევაში, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, თითოეულ ადამიანს შეუძლია უნიკალური წვლილის შეტანა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიმართ - წელს კერძო სექტორი გამორჩეულად აქტიურად გვიჭერს მხარს მამის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში", — აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

თამაში "მამაენა"

სპეციალურად მამის დღის აღსანიშნავად, 19 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისში, მზიურის პარკში, მამებისა და შვილებისთვის, დაგეგმილია გასართობ-ინტელექტუალური თამაში
"მამაენა", რომელიც აგებულია განძის ძიების მეთოდოლოგიაზე. მამებმა და შვილებმა ერთობლივი ძალებით უნდა მოძებნონ პარკში დამალული მინიშნებები და საბოლოოდ, მიაგნონ თამაშის მთავარ გასაღებს.

ფოტო: მამები ზრუნავენ

თამაშში მონაწილეობის მისაღებად შვილების ასაკი განსაზღვრულია 10-დან 12 წლის ჩათვლით. ღონისძიების დაწყებამდე მამებსა და შვილებს მიენიჭებათ უნიკალური ნომერი, რომელიც თან უნდა ჰქონდეთ თამაშის დასრულებამდე. მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გასართობ-ინტელექტუალური თამაში "მამაენა" გამოავლენს ორ გამარჯვებულ გუნდს, რომლებსაც გადაეცემათ საგზური ახალი საზაფხულო თავგადასავლების აღმოსაჩენად კახეთში, მთელი ოჯახისთვის. ასევე, გამარჯვებული გუნდები მიიღებენ კამპანიის მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ დაწესებულ სპეციალურ პრიზებს.

აღნიშნული ღონისძიება ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთაავრობის ფინანსური ხელშეწყობით. მისი შინაარსი წარმოადგენს ორგანიზაციის "ვიზრუნოთ ერთად" პასუხისმგებლობას და შესაძლოა არ ასახავდეს შვედეთის მთავრობის ხედვას.

კედლების მოხატვა ოზურგეთსა და ახალციხეში

საგანგებოდ მამის დღის აღსანიშნავად, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელი კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში მომზადებული ილუსტრაციით მოიხატა. კედელი მოხატა მხატვარმა ლია უკლებამ, ილუსტრაცია კი სონია ელიაშვილს ეკუთვნის. ილუსტრაციაზე გამოსახული არიან მეკლდეური მამა და შვილები კლდეზე ასვლის დროს, რომლებიც ერთად ცდილობენ გადალახონ დაბრკოლებები.

მამის დღესთან დაკავშირებული კედლის ილუსტრაცია ახალციხეში

ფოტო: გიორგი ჯოხაძე

მამის დღისთვის კედელი მოიხატა ოზურგეთშიც, გაბრიელ ეპისკოპოსის #1-ში მდებარე შენობაზე. კედელი მოხატა მხატვარმა ლია უკლებამ, ილუსტრაცია კი თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. ილუსტრაციაზე გამოსახულნი არიან მამა და შვილი სამზარეულოში საქმიანობის დროს, როცა ისინი ერთად, მხიარულად და სიამოვნებით ამზადებენ სადილს.

მამის დღესთან დაკავშირებული კედლის ილუსტრაცია ოზურგეთში

ფოტო: დინა ოგანოვა

ორივე ილუსტრაცია შეიქმნა გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანასური მხარდაჭერით. ახალციხეში კედელი მოიხატა პროგრამის "გენდერული ნიშნით სქესის შერჩვისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. ხოლო, ოზურგეთში კედელი მოიხატა პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

ვოქრშოპი ახალციხეში

22 ივნისს, 16:00 საათზე, მამის დღის აღსანიშნავად ახალციხეში, კაფეში "კანტორა" დაგეგმილია პუბლიკაციის "ლუნა და ციცინათელების პლანეტა" ვორქშოპი. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, წიგნი სომხურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ. ტექსტის ავტორი დათო გორგილაძეა, სომხურ ენაზე ასია დარბინიანმა თარგმნა, ილუსტრაციები კი თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. სწორედ თათია ჩაატარებს ვორქშოფს ახალციხეში მამებისა და შვილებისთვის. წიგნის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახებისა და ზოგადად, საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის: „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ თანახმად, ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვა ჯერ კიდევ რჩება მეტწილად მხოლოდ დედების ძირითად მოვალეობად. როგორც წესი, ბავშვებს საფენებსა და ტანსაცმელს დედები უცვლიან, თუმცა გარკვეული აქტივობები ორივე მშობელს თანაბრად აქვს განაწილებული; მაგალითად, ბავშვის ექიმთან წაყვანა, მასთან თამაში, საუბარი მის პირად პრობლემებზე, სკოლაში ტარება.

კამპანია "კაცები ზრუნავენ" ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე პროგრამების
"გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის" და "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" მხარდაჭერით.

კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით — ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.