აშშ-ის ქალაქ პორტლენდში 71 წლის ქალი, სახელად ნენსი კრემპტონ ბროფი, ქმრის მკვლელობისთვის დამნაშავედ 2022 წლის მაისში ცნეს. ივნისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ნენსის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნის შეტანა მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეეძლება.

ერთ-ერთი დეტალი, რითაც ნენსის საქმემ მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიიქცია ისაა, რომ მან 2011 წელს ესე, სახელად "როგორ უნდა მოკლა ქმარი" დაწერა. 2018 წელს ნენსის 63 წლის ქმარი დენიელი სამსახურში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.

"ერთი რამ, რაც მკვლელობაზე ვიცი ისაა, რომ ყველას შეგვიძლია მისი ჩადენა, თუ გარკვეულ ზომამდე მიგვიყვანენ", — წერდა წაშლილ ესეში ნენსი.

მოსამართლემ ესე მტკიცებულებად არ მიიღო, რადგან ის მკვლელობის ჩადენამდე 7 წლით ადრე იყო დაწერილი. მიუხედავად ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაირკვა, რომ მკვლელობის დღეს ნენსი ქმრის სამუშაო ადგილთან — კულინარიულ ინსტიტუტთან იმყოფებოდა. ამასთან, ნენსის ზუსტად იმ მოდელის იარაღი აღმოაჩნდა, რომლითაც დენიელი მოკლეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მკვლელობის მოტივი ანგარება იყო — ნენსის ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ქმრის სიცოცხლის დაზღვევით $1.5 მილიონის მიღება უნდოდა. ნენსი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენამდე ნენსიმ წიგნები, სახელად დამნაშავე ქმარი და დამნაშავე შეყვარებული გამოსცა.