ომის დაწყების შემდეგ რუსეთს უკრაინის პორტები დაბლოკილი აქვს და ექსპორტს ხელს უშლის. შედეგად, იკვეთება საფრთხეები, რასაც უკრაინის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეფერხება გამოიწვევს, მით უფრო, რომ სავარაუდოდ, კრემლი მარცვლეულს იპარავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.

  • ექსპორტის გაყინვა სურსათის გლობალურ კრიზისს გამოიწვევს, რაც უკვე ფასების უპრეცედენტო ზრდაში აისახება;
  • CNN წერს, რომ მარცვლეული რუსეთისთვის მიმზიდველი პროდუქტია — ერთი ტონის ფასი, დაახლოებით, 400 დოლარია და მიმდინარე წელს მისი ღირებულება უფრო გაიზარდა.

დეტალები: მაშინ, როცა მსოფლიო მოსალოდნელი კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს, სანქციების წნეხის ქვეშ მოქცეული რუსეთი, თავისივე წარმოებულ ყოვლად გაუმართლებელ ომს სათავისოდ იყენებს.

  • 27 მაისს გავრცელდა სატელიტის ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ, უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი სირიაში ჩავიდა;
  • ეს ერთ-ერთია იმ სამ გემს შორის, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ მარცვლეული ყირიმში გადააქვს. ის, დაახლოებით, 30 000 ტონა მარცვლეულს იტევს.

აშშ აცხადებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ. ამაზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან პიერმა ისაუბრა.

  • "ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა აღვკვეთოთ იმ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინიდან არის მოპარული".

უკრაინა ამბობს, რომ რუსეთი სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, მსოფლიოს სანქციების მოხსნის მოთხოვნით აშანტაჟებს.

  • საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, პოლიტიკოსები ნაბიჯის გადადგმამდე უნდა დაფიქრდნენ.
  • "ნებისმიერმა უცხოელმა პოლიტიკოსმა ან ოფიციალურმა პირმა, რომელიც შესაძლოა, ფიქრობდეს ამ თამაშზე დათანხმებაზე, ჯერ მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები უნდა მოინახულოს და ესაუბროს მათ მშობლებს".

თუმცა, ოფიციალური წყაროები უარყოფენ, რომ აშშ ამ შანტაჟს აჰყვება და კრემლს სანქციებს შეუმსუბუქებს.

  • POLITICO-ს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები და კანონმდებლები სკეპტიკურად უყურებენ, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად მოქმედებს;
  • მედიის წყაროს განცხადებით, აშშ არ დასთანხმდება არანაირ შეთანხმებას, რაც კრემლზე ეკონომიკურ ზეწოლას მოხსნის.

ამჟამად, მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე საუბარი რუსეთთან გაეროს შუამავლობით მიმდინარეობს, ასევე, ცალკე მოლაპარაკებები აქვს თურქეთს.