ჯასტინ ბიბერმა თავის გულშემატკივრებს ინსტაგრამის პოსტით შეატყობინა, რომ სახის დამბლის შეტევების დროს პრობლემის გადაჭრაში იესოსადმი რწმენა დაეხმარა. "ვფიქრობ, რომ ქარიშხალი მალე გადაივლის, მაგრამ ახლა ვიცი, რომ იესო ჩემთანაა", — წერს ბიბერი ინსტაგრამზე.

ჯასტინ ბიბერის თქმით, მას რამსი ჰანტის სინდრომი აქვს. აღნიშნულ სინდრომს ვირუსი იწვევს, რომელიც ყურთან ახლოს მდებარე ნერვულ უჯრედებს აზიანებს. მას ზოგჯერ სმენის დროებითი დაკარგვა და, როგორც ჯასტინის შემთხვევაში მოხდა, დამბლაც ახასიათებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები სამუდამოა.

ჯასტინ ბიბერმა სახის დამბლის გამო რამდენიმე კონცერტი გააუქმა. გასულ ორშაბათს ბიბერმა თავისი მდგომარეობის შესახებ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა და ხალხს უამბო, თუ როგორ გრძნობდა თავს.

"მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება, ხოლო დისკომფორტის პერიოდში სიმშვიდეს მასში ვპოულობდი, ვინც შემქმნა და მიცნობს. იესომ ყველა ჩემი ბნელი მხარე იცის, რომლებიც არ მინდა, რომ სხვამ იცოდეს და ის თავის მოსიყვარულე მკლავებში მაინც ყოველთვის მიმიღებს. სწორედ ამაზე ფიქრით ვიპოვე სიმშვიდე იმ ქარიშხლის დროს, რომლის წინაშეც ვდგავარ", — ამბობს ბიბერი ვიდეოში.

ბიბერმა ისიც აღნიშნა, რომ სახის ვარჯიშებს აკეთებს, რათა "ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს". თუმცა მან ჯერ კიდევ არ იცის, რა დრო დასჭირდება გამოჯანმრთელებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რამსი ჰანტის სინდრომი ძალიან იშვიათი დაავადებაა და ყოველწლიურად 100 ათასიდან ადამიანიდან ის მხოლოდ ხუთს ემართება.