საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა ტყიბულში, ოთხი მუშის დაღუპვის სავარაუდო ფაქტს. ის წერს: "ვინც ეწინააღმდეგება ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნას მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო."

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ოთხი მუშა სიმაღლიდან გადავარდა. მათ ამ დრომდე ეძებენ. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები.

270 დაღუპული და 776 დაშავებული - ეს არის სამუშაო ადგილებზე 2011-2016 წლებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შედეგი. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები ამ ფაქტებს პირდაპირ ან ირიბად უკავშირებენ საქართველოში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტიან საქმიანობას.

აღნიშნულ პრობლემაზე On.ge-მ რამდენიმე თვის წინ მოამზადა სტატია, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.