ცოტა ხნის წინ Apple-მა iOS 16 წარადგინა, რომელიც მალე არაერთ ახალ ფუნქციასთან ერთად ჩაეშვება. მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ვიხილავთ:

1. გაგზავნილი შეტყობინებების რედაქტირება და წაშლა

ის, რასაც აიფონის მომხმარებლები უკვე დიდი ხანია, ითხოვენ — Apple ამიერიდან საშუალებას მოგცემთ, iMessage-ით გაგზავნილი შეტყობინებები დაარედაქტიროთ ან წაშალოთ. შეტყობინების წაშლას Undo Send ღილაკის მეშვეობით შეძლებთ, მისი რედაქტირების შემთხვევაში კი მხოლოდ ის გაგცემთ, რომ მიმღები ტექსტის ქვეშ პატარა წარწერას "რედაქტირებული" ("edited") იხილავს.

2. Passkeys ფუნქცია პაროლის ნაცვლად

პაროლი ხშირად ტელეფონის დაცვის კარგი ვარიანტი სულაც არ არის: მისი გამოცნობა ან გატეხა შესაძლებელია, უამრავი ადამიანი კი სხვადასხვა სერვისზე სულაც ერთსა და იმავე სიტყვას/ფრაზას იყენებს. ამის გათვალისწინებით, კომპანია პაროლების თავიდან ასაცილებლად iOS 16-ში ახალ Passkeys ფუნქციას შემოგვთავაზებს. მისი საშუალებით Apple პაროლის გარეშე ამოგიცნობთ, ამისათვის კი მხოლოდ და მხოლოდ Face ID-სა და Touch ID-ს გამოყენება დაგჭირდებათ.

3. უსაფრთხოების შემოწმება

iOS 16-ის ფარგლებში კონფიდენციალურობისათვის განკუთვნილი ახალი ფუნქცია Safety Check გამოვა, რომელიც მოძალადე პარტნიორებისგან ადამიანების დაცვას ისახავს მიზნად.

იგი საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ადგილმდებარეობის გაზიარება შეწყვიტოთ და ყველანაირი წვდომა გაუუქმოთ ანგარიშებს, რომლებსაც მანამდე ნება დართეთ. ასევე შეგეძლებათ, სასწრაფო გადატვირთვის ფუნქციის საშუალებით სწრაფად გამოხვიდეთ iCloud-იდან და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ნებართვები საწყის პარამეტრებზე გადაიყვანოთ.

სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ შეტყობინებები მხოლოდ თქვენ მიერ გამოყენებულმა მოწყობილობამ მიიღოს. iOS 16-ის ამ ფუნქციით შეძლებთ იმის შემოწმებასაც, თუ რომელ აპლიკაციებსა და ადამიანებს აქვთ წვდომა ინფორმაციაზე.

როგორც ჩანს, iOS 16 საშუალებას მოგცემთ, უკეთ აკონტროლოთ თქვენი უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. მართალია, მისი გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უახლესი აიფონების გამოსვლის პარალელურად, სექტემბერში მოხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.