ამერიკელ მომღერალ ჯენიფერ ლოპესს მასზე გადაღებულ ფილმში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ. ნეტფლიქსის შექმნილ დოკუმენტურ ნამუშევარში Halftime მომღერალი თავისი კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებს. სახელიდანაც ცხადია, რომ ფილმში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო Super Bowl-ის შოუზე გამოსვლას.

Super Bowl ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატია აშშ-ში. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ეგრეთ წოდებული Halftime show, როცა ცნობილი პოპვარსკვლავები მუსიკალურ ნომერს 100 მილიონამდე მაყურებლისთვის ასრულებენ. ამ სცენაზე გამოსვლა ბევრი ახალბედა თუ უკვე შემდგარი ვარსკვლავის ოცნებაა, შოუსთვის კი ხშირად თვეების განმავლობაში ემზადებიან. უმეტეს შემთხვევაში, პერფორმანსს მხოლოდ ერთი მომღერალი ასრულებს, თუმცა, ზოგჯერ სცენას ორი ან მეტი ვარსკვლავი იყოფს ხოლმე.

სწორედ სცენის გაყოფა მოუწია ჯეილოს 2020 წელს, როცა Super Bowl-ზე შაკირასთან ერთად იმღერა. 2000-იანების ორმა დიდმა ვარსკვლავმა მაშინ მსოფლიოში ცნობილი ჰიტები შეასრულა. წარმატებული პერფორმანსის შემდეგ ძალიან ბედნიერებიც ჩანდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ლოპესი კმაყოფილი მაინც არ დარჩენილა.

ნეტფლიქსის დოკუმენტურ ფილმში ჯეილომ ამ ცნობილი გამოსვლის შესახებ კულუარული ამბები გაგვიზიარა და აღიარა, რომ უკმაყოფილო იყო ღონისძიების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, რის გამოც მას სცენაზე შაკირასთან ერთად დგომა მოუხდა — უფრო ზუსტად, იმ დროის გაყოფა, რაც სხვა წლებში ბევრმა სოლო შემსრულებელმა მთლიანად მიიღო.

შოუს სცენაზე მომღერლები 12-დან 16 წუთამდე დროის განმავლობაში დგანან ხოლმე, თუმცა, ჯეილოს და შაკირას პერფორმანსზე ეს დრო კი არ გაორმაგდა, ორად გაიყო. როგორც ჩანს, ლოპესის განაწყენება სწორედ ამან გამოიწვია. თუმცა, სულ ახლახან, 2022 წლის ღონისძიებაზე, ერთად ორმა კი არა, ხუთმა შემსრულებელმა იმღერა — მათ შორის, ემინემმა და სნუპ დოგმა.

"[თითოეულს] ექვსად ექვსი წუთი გვქონდა", — ამბობს ჯეილო დოკუმენტურ ფილმში, — "ერთი სიმღერისთვის მხოლოდ 30 წამი იყო განკუთვნილი, ხოლო თუ წუთს აიღებდი, მორჩა, მარტო 5 წუთიღა გრჩებოდა. არადა, რაღაც სიმღერები უნდა გვემღერა. ჩვენ-ჩვენი მომენტი უნდა გვქონოდა. [...] Super Bowl-ზე ორი ადამიანის გამოსვლა ყველაზე საშინელი აზრი იყო. ყველაზე საშინელი აზრი მსოფლიოში".

ფილმში ლოპესი ასევე იხსენებს, როგორ მოუწიათ მას და შაკირას დროის გაყოფა. მომღერლის თქმით, ორგანიზატორებმა 12 წუთი მისცეს, თუმცა, ერთი-ორი წუთით მეტიც შეიძლებოდა. ამიტომ, მათ, უბრალოდ, შუაზე გაყვეს ეს დრო.

"ორმაგი შოუ თუ უნდა ყოფილიყო, ჩვენთვის 20 წუთი მოეცათ", — ამატებს ჯეილო, — "სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ".

მომღერალს ეთანხმება მისი მენეჯერიც და ღონისძიების ორგანიზატორების გადაწყვეტილებას "შეურაცხყოფას" უწოდებს.

"როგორც წესი, სცენაზე ერთი ადამიანი ასრულებს ხოლმე. სწორედ ის ერთი ადამიანი ქმნის შოუს და თუ ვინმეს მოიწვევს, ესეც მის სურვილზეა. თუმცა, შეურაცხყოფაა იმის თქმა, რომ ორი ლათინოამერიკელი მომღერალი გჭირდება წინათ ერთის გაკეთებული საქმის განსახორციელებლად".

ფოტო: Kevin Winter / Getty Images

ამის მიუხედავად, მომღერლისა და მისი წარმომადგენლების კომენტარებმა ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა, რადგან ზოგმა ეს შაკირას წინააღმდეგ ნათქვამად მიიჩნია. ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს, რომ "წინათ სცენა უფრო დიდმა ვარსკვლავებმაც გაიყვეს და ისე არ მოქცეულან, თითქოს ვინმეს მათი რამე მართებდა".

არიან ისეთებიც, ვინ ლოპესის პოზიცია დაიცვა და დაამატა, რომ მომღერალი ამით არა მხოლოდ თავის, შაკირას ინტერესებსაც იცავს.

უმეტესობა თანხმდება, რომ ყველაფრის მიუხედავად შაკირამ და ჯეილომ დაუვიწყარი სანახაობა შექმნეს. თუმცა, ამატებენ, რომ ორივე მათგანმა დაიმსახურა მთლიანი შოუ და სცენის გაყოფა საჭირო სულაც არ ყოფილა.