პრემიერმინისტრის განცხადებით, ბორჯომის ქარხნის აქციების ნაწილი მთავრობას უსასყიდლოდ გადაეცემა. მისი თქმით, გარიგება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გაფორმდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კომპანია ბორჯომმა 29 აპრილიდან სანქციების გამო ორივე ქარხანაში წარმოება დროებით შეაჩერა, 5 მაისს კი 49 თანამშრომელი გაათავისუფლა.

  • კომპანიაში თქვეს, რომ შექმნილ ვითარებაში იძულებული გახდნენ დასაქმებულთა ხელშეკრულებაში ცვლილება შეეტანათ, რაზეც თანამშრომელთა ნაწილი არ დათანხმდა.
  • 19 მაისს ცნობილი გახდა, რომ IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

ბორჯომის თანამშრომლები 31 მაისს უვადოდ გაიფიცნენ, 6 ივნისს კი ორივე ჩამომსხმელი ქარხნის პიკეტი დაიწყეს.

  • ისინი ითხოვენ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას.
  • მათი განცხადებით, კომპანიას სურს, ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლება — IDS ბორჯომი კი ამბობს, რომ არც ერთი ახალი თანამშრომელი არ დაუქირავებიათ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გაფიცული თანამშრომლებისგან დისკრიმინაციის მაგალითები და გამოცდილება მოისმინა.

  • მისივე თქმით, კომპანია ადამიანებს იმის მიხედვით არ უხდის, ვის რა როლი აქვს ამ გაფიცვაში.

ღარიბაშვილის თქმით, როდესაც თანამფლობელები გახდებიან გაფიცული თანამშრომლების "ყველა პრობლემას მოაგვარებენ"

  • "არცერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება".