ზურა კეკელიძე 22 წლის მებრძოლია. კონფლიქტის ეპიცენტრში ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ჩავიდა. ახლა საერთაშორისო ლეგიონის წევრია და უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის.

ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერია და მაშინ, როცა აგრესორისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის და გამარჯვების რეალური შესაძლებლობა არსებობს, შანსი აქვს რუსეთს გადაუხადოს იმის გამო, რაც მის ქვეყანას გაუკეთა.

შანსი მქონდა ვყოფილიყავი იმ თავისუფლების იდეის გვერდით, სადაც დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო დგას, ამიტომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა და უკრაინელების გვერდით ბრძოლა

ზურა კეკელიძე

როცა პირველად ჩავიდა უკრაინაში, რთული სიტუაცია იყო, ვინაიდან რუსები ისევ დედაქალაქის შემოგარენში იყვნენ. კიევი ხალხისგან პრაქტიკულად დაცლილი იყო. ოკუპანტებმა კიევიდან გასვლა რომ დაიწყეს, საქართველოში დაბრუნება მოუწია, რადგან მეგობარს, რომელთან ერთადაც უკრაინაში ჩავიდა, ოჯახში დანაკარგი ჰქონდა.

"ნათქვამი მქონდა, რომ თუ საქართველოში დავბრუნდებით ან ერთად მივდივართ, ან არ მივდივართ. გადავწყვიტეთ, რაღაც დროით დავბრუნებულიყავით. დაახლოებით ათი დღით ჩამოვედით და გამოვბრუნდით ისევ უკან იმიტომ, რომ ჯერ არაფერი იყო მორჩენილი, კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი".

ამბობს, რომ უკრაინაში გარკვეულ ჯგუფებს სამიზნე მოწყობილობები არ ჰქონდათ იარაღისთვის და ოპერაციებზე გასვლა რკინის სამიზნეებით უწევდათ. საქართველოში ყოფნისას დაიწყეს მუშაობა საჭირო აღჭურვილობის შესაგროვებლად.

ზურა კეკელიძე

ფოტო: Marksman

"საჯარო პოსტი დავდეთ, რომ ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ კოლიმატორი სამიზნე, ან ოპტიკა, ჩვენთვის ეთხოვებინათ — არ ეჩუქებინათ, რადგან თუ რაიმე ცუდი არ მოხდებოდა, ამ ყველაფერს დავუბრუნებდით. მათ, უბრალოდ, გვაჩუქეს. დაახლოებით 8 ცალი შეგროვდა და გადანაწილებულია".

გვიხსნის, რომ ეს დიდი დახმარება იყო, რადგან ტექნიკა საკმაოდ ძვირი ღირს, თან თანადგომა იგრძნო. როგორც იხსენებს, ზოგიერთი იარაღიც გატანებასაც სთავაზობდა, მაგრამ საზღვარზე ვერ წაიღებდნენ.

ინტერვიუს ჩაწერისას ზურა სამხედრო ტერმინებით გვესაუბრებოდა. აღმოჩნდა, რომ საბრძოლო საკითხებით 2022 წლის თებერვალში არ დაინტერესებულა და რამდენიმე წელია ამ სფეროშია. მან შექმნა ფეისბუქგვერდი — Marksman, რომელიც ვიდეოკონტენტის საშუალებით ადამიანებს აძლევს ინფორმაციას სამხედრო აღჭურვილობაზე. სამიზნე მოწყობილობებისა მისაღებად პოსტიც ამ ფეისბუქგვერდზე განთავსდა.

მარქსმენის სლოგანი — "დაიცავი მნიშვნელოვანი" ზურას მოფიქრებულია. კითხვაზე, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, გვპასუხობს — გუნდის წევრები, მეგობრები, ოჯახი და ქვეყანა.

უკრაინაში დაბრუნება

უკრაინაში მაისის დასაწყისში დაბრუნდნენ და მას შემდეგ იქ არიან. ამბობს, რომ ასაკით ყველაზე პატარა მებრძოლი, ვინც ლეგიონში შეხვედრია, 21 წლის იყო. თვითონ მხოლოდ 1 წლითაა უფროსი, საშუალო ასაკი დაახლოებით 30-35 წელია.

მუდმივად ისმენდნენ ცნობებს, რომ სევეროდონეცკში დაძაბული სიტუაცია იყო და მოლოდინი ჰქონდა, ამ მიმართულებით მოუწევდა წასვლა. ასეც მოხდა — პირველი ჯგუფი საერთაშორისო ლეგიონიდან, რომელიც სევეროდონეცკში შევიდა, ზურასი იყო. მდგომარეობა რთული დახვდათ, ჯგუფმა დანაკარგიც განიცადა.

ზურა კეკელიძე სევეროდონეცკში საერთაშორისო ლეგიონთან ერთად

ფოტო: REUTERS/Serhii Nuzhnenko

გვიყვება, რომ სევეროდონეცკში შენობების დიდი ნაწილი ნაწილობრივ დანგრეულია, რადგან ორივე მხრიდან საარტილერიო დუელი მიდის, თუმცა სამოქალაქო პირები ქალაქში არიან. 12 სამოქალაქო პირი მისმა ჯგუფმა იპოვა, რის შემდეგაც მათი ევაკუაცია განხორციელდა.

"ორკების მხარეს გაცილებით მეტი დაიღუპა, მაგრამ ეს ჩვენთვის ჩვენს დანაკარგს არ აბათილებს. ომია, ყველაფერი ხდება. ჯგუფიდან რამდენიმე დაჭრილი და ორი დაღუპული გვყავდა. დაჭრილები კარგად არიან. არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".

სევეროდონეცკში ყოფნის დროს ზურას კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდა. დედას სატელიტური ტელეფონით დაურეკა და უთხრა, რომ სამხედრო სწავლებაზეა. მალევე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა მისი ვიდეო, ოჯახის წევრებმა ასე გაიგეს, რომ ყველაზე ცხელ წერტილში იბრძოდა.

დედამ ვიდეო რომ ნახა, მითხრა, თუ ცოცხალი ჩამოხვალ, აქ მე "მოგკლავო".

ზურა კეკელიძე

ოჯახს ომში წასვლის სურვილზე კარგი რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ იცოდნენ, რომ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდნენ.

"ნერვიულობენ, წამოსვლის დროსაც ნერვიულობდნენ, მაგრამ იციან, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვარ. მიუხედავად დიდი საშიშროებისა, ემოციურად გვერდით მიდგანან და მაგაში გამიმართლა".

გვიყვება, რომ სევეროდონეცკის შემოგარენში რუსები უმრავლესობაში არიან, მას შემდეგ კი, რაც საერთაშორისო ლეგიონი შევიდა, ოკუპანტებმა სხვა ჯარებიც დაამატეს. პრაქტიკულად ყველა მაღალი დონის მებრძოლის კონცენტრაცია ახლა სწორედ ამ ქალაქისკენაა. მისივე თქმით, რეგულარულ ჯართან ერთად კადიროველები და რუსული სპეციალური დანიშნულების რაზმებიც იქ არიან, ამიტომ არის დიდი საარტილერიო დუელები და ინტენსიური ბრძოლები.

"მგონია, რომ უკრაინელები სევეროდონეცკის დაბრუნებას შეძლებენ, ცალკე საკითხია, რის ფასად მოხდება ეს, თუმცა სევეროდონეცკის დაცვა საკმაოდ რთული ამოცანა იქნება უკრაინული ძალებისთვის".

ზურა კეკელიძე თანამებრძოლებთან ერთად

ფოტო: Marksman

ქართველი მებრძოლი ამ ეტაპზე ყველაზე დიდ საფრთხეს სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში ხედავს, რადგან იქ ბევრი უკრაინელი სამხედროა და შეიძლება, გზის გაკვალვა ბრძოლით მოუწიოთ. ამბობს, რომ თუ უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს მიიღებს, საქმე ბევრად გაუადვილდებათ და ზუსტი დამიზნების ჭურვებით რუსული ძალის განადგურებას უფრო მარტივად შეძლებენ.

"ბევრი საბრძოლო მასალა იხარჯება. ზელენსკის განცხადებები იმაზე, რომ მეტი იარაღი გვჭირდება, გასაკვირი არ არის. ძირითადად საუბარია ხოლმე მაინც მძიმე იარაღებზე, თვითმავალ ჰაუბიცებზე, საარტილერიო დანადგარებზე და ა.შ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ მსგავსი ტიპის შეიარაღება არ ექნებათ, მაშინ არტილერიის საქმის კეთება შეიძლება ქვეითებს მოუწიოთ, რაც მეტ მსხვერპლს გამოიწვევს.

ამით საშუალება ექნებათ შორ მანძილზე გაანადგურონ ოკუპანტები და შემდეგ შევიდნენ გარკვეული დანაყოფი წმენდაზე. ეს უკრაინელების დანაკარგს შეამცირებს. ამიტომ იძახიან, რომ სჭირდებათ. მართლა სჭირდებათ".

მიუხედავად იმისა, რომ ომი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ამბობს, რომ იდეა, სულისკვეთება არ შეცვლილა და ყველამ, ვინც იქ წავიდა, იცოდა სად და რატომ მიდიოდა.

თუ ტრენდი შემცირდა უკრაინის მიმართ, იმას არ ნიშნავს, რომ სულისკვეთებამ დაიკლო.

ზურა კეკელიძე

გვიყვება, რომ როდესაც უკრაინელები ხედავენ, თანამებრძოლები ეღუპებათ, უფრო ბრაზდებიან და ნაკლებ ფანჯარას ტოვებენ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებისთვის.

"მართლა ძალიან რთულია, როცა ბევრ მეგობარს კარგავ. რამდენი უკრაინელიც შემხვედრია, ყველას ჰყავს ვინმე დაღუპული. ან ფრონტის ხაზზე ყველას ჰყავს ვინმე, ვინც რთული დრო გამოიარა, ან ეს რთული დრო თავად აქვთ გავლილი".

დაღლილობა და სურვილი, რომ ყველაფერი მალე დასრულდეს ბუნებრივია. წინასწარ ვერ გეგმავს, როდის დაბრუნდება საქართველოში.

"ვიცი აქ რისთვისაც ჩამოვედი, არაფერს ვამბობ. ვნახე ძალიან მაღალი დონის მებრძოლები, რომლებიც არაერთ ცხელ წერტილში იყვნენ, მაგრამ სევეროდონეცკის შემდეგ ზოგმა, უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ ძალიან ბევრი იყო და სახლში წავიდა.

არ იცი რისი გამოვლა მოგიწევს და როგორ იმოქმედებს შენზე. ზოგი შეიძლება იმდენად დემორალიზებული გახდეს რაღაც მომენტის შემდეგ, რომ იმის ბრძოლის ველზე დაბრუნებას, მართლა სახლში წასვლა სჯობდეს".

ზურა კეკელიძე თანამებრძოლებთან ერთად

ფოტო: ზურა კეკელიძე

ომში დაგეგმილად შეიძლება, არაფერი მოხდეს. ზუსტად ვერ ამბობს, დაბრუნდება თუ არა საერთოდ ომის დასრულებამდე. ზუსტად მხოლოდ ის იცის, რისთვის იბრძვის და რატომ.