ქალებსა და კაცებს შორის ხშირია კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ოთახისთვის იდეალური ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სხვადასხვა სქესს შორის მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება, კვლევა მუდმივად იმაზე მიანიშნებს, რომ ქალები უფრო მაღალ ტემპერატურას ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე კაცები.

ამ სტატიაში ამის მეცნიერულ ახსნას შემოგთავაზებთ.

ბიოლოგიური განსხვავებები

როგორც წესი, დაახლოებით ერთი და იმავე მასის ქალი და კაცი რომ შევადაროთ, ქალებს სითბოს წარმოსაქმნელად ნაკლები კუნთი აქვთ. მათ კანსა და კუნთებს შორის ცხიმიც შედარებით მეტი აქვთ და კანი სისხლძარღვებისაგან ოდნავ უფრო შორსაა, ამიტომაც იგი უფრო ცივია.

ამასთანავე, ქალებს ხშირად კაცებთან შედარებით ნელი მეტაბოლიზმი აქვთ, რაც ცივ გარემოში სითბოს წარმოქმნის მაჩვენებელსაც ამცირებს. შესაბამისად, მეტი შანსია, ტემპერატურის კლებასთან ერთად ქალებს უფრო შესცივდეთ.

ჰორმონალური განსხვავებები

ჰორმონები ესტროგენი და პროგესტერონი, რომლებიც ქალის ორგანიზმში დიდი რაოდენობით გვხვდება, სხვა კომპონენტებს თუ არ ჩავთვლით, სხეულის შინაგან (სხეულის შინაგანი ორგანოების ტემპერატურა) და კანის ტემპერატურაზეცაა პასუხისმგებელი.

სწორედ ჰორმონების დამსახურებაა ის, რომ ქალის ხელებისა და ფეხების ტემპერატურა დაახლოებით იმაზე სამი გრადუს ცელსიუსით დაბალია, ვიდრე კაცების, თუმცა, მიუხედავად ამისა, საშუალოდ ქალების შინაგანი ტემპერატურა მაინც კაცებისაზე მეტია.

ესტროგენი კიდურებში სისხლძარღვებს აფართოებს, რაც ჰაერში მეტი სითბოს დაკარგვის საშუალებას იძლევა. პროგესტერონს შეუძლია, კანში არსებული სისხლძარღვები შეავიწროოს, რის შედეგადაც ზოგიერთ ნაწილს ნაკლები სისხლი მიეწოდება, რათა შინაგანი ორგანოები თბილად იყოს, ეს კი ქალში სიცივის გრძნობას იწვევს. ამ ჰორმონის ბალანსი თვის განმავლობაში მენსტრუალური ციკლის შესაბამისად იცვლება.

აღსანიშნავია, რომ სხეულის შინაგანი ტემპერატურა ოვულაციის შემდგომ კვირაში მაქსიმალურია, რადგან პროგესტერონის დონეები მატულობს. შესაბამისად, ამ დროისათვის შესაძლოა, ქალები გარემოს შედარებით დაბალი ტემპერატურის მიმართ მეტად მგრძნობიარენი იყვნენ.

ტემპერატურისადმი მგრძნობელობაში განსხვავებები ცხოველებსაც ახასიათებთ

ფენომენი, რომლის ფარგლებშიც თითოეული ჩვენგანი შედარებით მაღალ ტემპერატურას ანიჭებს უპირატესობას, მხოლოდ ადამიანებისთვის სულაც არაა დამახასიათებელი — ფრინველებისა და ძუძუმწოვრების არაერთ სახეობაზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მამრები ხშირად შედარებით ცივ, ჩრდილიან ადგილებში იკრიბებიან მაშინ, როცა მდედრები და მათი ნაშიერები შედარებით თბილ, მზიან გარემოს ამჯობინებენ.

მდედრ ძუძუმწოვრებს სითბოსადმი ამგვარი სწრაფვა იმიტომ განუვითარდათ, რომ თავიანთ ნაშიერებთან ერთად დაისვენონ მაშინ, როდესაც პატარებს თავიანთი სხეულის ტემპერატურის რეგულირება ჯერ არ შეუძლიათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.